logo
ENG



19 NGO: 5 ივლისის ძალადობის უმძიმესი შედეგების გამო ღარიბაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს

11 ივლ 202115:33
3 წუთის საკითხავი
 
19 NGO: 5 ივლისის ძალადობის უმძიმესი შედეგების გამო ღარიბაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს

საქართველოში მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ 5 ივლისის ძალადობის უმძიმესი შედეგების გამო საქართველოს პრემიერმინისტრმა თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს. 

NGO-ები მწუხარებას და გულისტკივილს გამოხატავენ ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო და მის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებენ. 

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა ძალადობრივი ჯგუფების შესაჩერებლად მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ იყო ცნობილი მათი მხრიდან აგრესიისა და ძალადობის რისკის შესახებ.

"5 ივლისს ადგილზე საკმარისი რაოდენობით არ იყვნენ მობილიზებული სამართალდამცავები, ხოლო ადგილზე მყოფი პოლიციელების მხრიდან მიღებული ზომები არ იყო საკმარისი ძალადობის შესაჩერებლად. ხელისუფლებამ არათუ არ მიიღო სათანადო ზომები საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად, არამედ, პირიქით, წაახალისა ძალადობა. კერძოდ პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივლისს განაცხადა, რომ “ღირსების მარშის” ჩატარება მიზანშეუწონელი იყო და “ღირსების მარშის” ორგანიზატორებს მოუწოდა არ გაემართათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე, იმის მაგივრად, რომ ვითარების შესაძლო გართულებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრებინა კონტრაქციის წევრებისთვის. ასევე საქართველოში აშშ-ს ელჩმა განაცხადა, რომ მათ ვერ დაინახეს პრემიერ მინისტრის წამყვანი როლი სიტუაციის განმუხტვასა და აგრესიის შეკავებაში". - აცხადებენ NGO-ები

განცხადების მიხედვით, 5 ივლისის მასშტაბურ ძალადობაზე, რასაც შედეგად ათობით ჟურნალისტის და მშვიდობიანი მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა ხოლო, ტვ პირველის ოპერატორი, ჯანმრთელობის უმძიმესი დაზიანებების შემდგომ გარდაიცვალა, პასუხი უნდა აგოს ძალადობის ყველა ორგანიზატორმა, მონაწილემ და ძალადობისკენ მომწოდებელმა, განურჩევლად საერო თუ სასულიერო სტატუტისა.

"პოლიტიკური პასუხისმგებლობა უმძიმეს შედეგებზე ეკისრება ხელისუფლებას, რომელმაც ფაქტობრივად უარი თქვა საკუთარი ფუნქციის შესრულებასა და ადამიანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვაზე. ამიტომ:

ხელმომწერი ორგანიზაციები მოვითხოვთ, სულ მცირე:

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს შსს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაუყოვნებლივ დატოვონ დაკავებული თანამდებობა. 

ძალადობის ყველა ორგანიზატორი, მონაწილე და წამქეზებელი, მიუხედავად მათი სტატუსისა, დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით". - წერია განცხადებაში.

მას ხელს აწერენ: 

  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
  • საფარი
  • საზოგადოება და ბანკები
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო (TI Georgia)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
  • გაეროს ასოციაცია
  • მწვანე ალტერნატივა
  • თბილისი პრაიდი 
  • DRI

close დახურვა