კორონავირუსის პანდემიის გამო თურქეთის ხელისუფლებამ უპრეცედენტო შეზღუდვა დააწესა. ქვეყნის 31 ქალაქში, მათ შორის ანკარასა და სტამბოლში, ორდღიანი კომენდანტის საათი გამოცხადდა. 15-მილიონიან ქალაქში დაცარიელებულია ქუჩები და ხალხი არ ჩანს პოპულარულ ტურისტულ უბნებში. დაცარიელებულია თოფქაფის სასახლის მიმდებარე ტერიტორია და მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი დიდი ბაზრის უბანი. ქალაქში კომენდანტის საათის დაცვას პოლიცია და სამხედროები აკონტროლებენ.
გადაწყვეტილება, კომენდანტის საათის დაწესების შესახებ ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც კორონავირუსმა ქვეყანაში 1000-ზე მეტი სიცოცხლე შეიწირა. კარანტინი ღამით მოულოდნელად გამოცხადდა, რამაც მოსახლეობაში ქაოსი გამოიწვია. ხალხი პროდუქტის მოსამარაგებლად სურსათის მაღაზიებს მიაწყდა, სადაც დიდი რიგები დადგა. მოქალაქეებს მოსამზადებლად მხოლოდ 2 საათი ჰქონდათ.
გლობალური პანდემიის მიუხედავად, არაერთი ქვეყანა, მათ შორის ესპანეთი, კარანტინით გათვალისწინებული შეზღუდვების ეტაპობრივად შესუსტებას აპირებს. პრემიერმა კარანტინი 2 კვირით გააგრძელა, თუმცა ორშაბათიდან სამშენებლო ბიზნესებსა და ქარხნებში თანამშრომლების დაბრუნებას აპირებს. მაღაზიების გახსნა სურს ჩეხეთს და ავსტრიას. ასევე რამდენიმე სექტორში ბიზნესების გახსნას სამშაბათიდან იტალიაც გეგმავს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეზღუდვების უმართავად მოხსნას არ მიესალმება. საფრთხის შესახებ ორგანიზაციის დირექტორმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ნახევარ მილიონს გადააჭარბა კოვიდ-19-ით დაავადებულთა რიცხვმა შეერთებულ შტატებში. გარდაცვლილია 18 761 მოქალაქე. თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მათი ვარაუდით დაღუპულთა რიცხვი 100 000-ზე ნაკლები იქნება.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაცარიელებულია მსოფლიოს ცნობილი ტურისტული ადგილები და კურორტები.
ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ით მსოფლიოში თითქმის 103 800 ადამიანი გარდაიცვალა. დაინფიცირებულთა რიცხვი კი 1 700 000-ს აჭარბებს.