20 ივნისიდან 1 წლის შემდეგ, ანტისაოკუპაციო აქცია, პარლამენტის წინ ისევ გაიმართება. მოძრაობა „სირცხვილიამ“ დღეს თბილისის მერიაში გამაფრთხილებელი წერილი შეიტანა. აქტივისტები მუნიციპალურ ორგანოს აქციის ორგანიზებაში დახმარებას სთხოვენ.
სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრებასა და კანონდარღვევაში მმართველმა გუნდმა მომიტინგეები ანტისაოკუპაციო გამოსვლებამდე 2 კვირით ადრე დაადანაშაულა. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი სამართალდამცველების მხრიდან ძალის ბოროტად გამოყენებას არ ახსენებს და ამბობს, რომ მომიტინგეების ქმედებებს უბედური შემთხვევები მოჰყვა. ამასთან, ვოლსკიმ აქციის მონაწილეები პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა. ის მთავრობის დადგენილებას დაეყრდნო, რომლის მიხედვითაც 10 კაცზე მეტის შეკრება სოციალური ღონისძიებების მიზნით იკრძალება. ვოლსკის კანონი რამდენიმე საათში საკუთარმა თანაგუნდელმა განუმარტა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა აქციის მონაწილეებს მარგინალები და დესტრუქციული ძალა უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ მანიფესტაციები დადგენილებით აკრძალული არ არის.
20 ივნისის აქციებს ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს ადარებს თავდაცვის მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ამერიკაში ახლა ვანდალიზმი ხდება, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გასული წლის ივნისში გაიარა. ღარიბაშვილი ოპოზიციას დესტრუქციულს უწოდებს და აქციების გამართვამდე მასში ამბოხების ნიშნებს ხედავს.
თავდაცვის მინისტრის ამ განცხადებას ბრიყვულსა და ქვეყნისთვის დამაზიანებელს უწოდებენ ოპოზიციაში. პოლიტიკოსების შეფასებით, თავდაცვის მინისტრის მსგავსი განცხადებები ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებს აზიანებს.
20 ივნისს რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტსა და დარბევის დროს ახალგაზრდებისთვის თვალების დათხრას უწყვეტი საპროტესტო აქციებით 6 თვის განმავლობაში პარლამენტის წინ აპროტესტებდა მოძრაობა სირცხვილია, სადაც ამბობენ, რომ ამ ხნის განმავლობაში ე.წ. სუს-ის ტიტუშკებისა და პროვოკაციების მიუხედავად, აქცია მშვიდობიან ფორმაში მიმდინარეობდა. მათივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ეშინია და ახლა ამ მადისკრიმინებელი განცხადებებით საპროტესტო ტალღის გაშავებას ცდილობს.
20 ივნისს, საღამოს 7 საათზე მოქალაქეები რუსთაველზე პარლამენტის წინ შეიკრიბებიან და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ 1 წლის წინ საქართველოში ოკუპანტი სახელმწიფოს, რუსეთის დუმის დეპუტატი ჩამოიყვანეს და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაუთმეს, რაც სირცხვილია.