სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, თებერვალში, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.4 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა თებერვალში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 4.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.8 პროცენტით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.3 პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.4 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (8.0 პროცენტი), ხილი და ყურძენი (3.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (0.7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმზე (-0.6 პროცენტი), ასევე რძეზე, ყველსა და კვერცხზე (-0.3 პროცენტი);
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 3.1 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში შეადგინა -0.11 პროცენტი. ფასები შემცირდა როგორც ფეხსაცმელზე (-6.0 პროცენტი), ისე ტანსაცმელზე (-1.4 პროცენტი);
ტრანსპორტი: დაფიქსირდა ფასების 0.7 პროცენტიანი კლება, რაც -0.08 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-1.2 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-1.0 პროცენტი);
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 12.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.95 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (25.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (19.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (15.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (11.1 პროცენტი), თევზეული (10.3 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (7.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (5.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5.0 პროცენტი);
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 8.7 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში შეადგინა 0.39 პროცენტი. ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საზოგადოებრივ კვებაზე (9.5 პროცენტი), ისე ღამის გასათევით მომსახურებაზე (1.3 პროცენტი).