პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2-დღიანი დუმილის შემდეგ, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
"პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, ნათესავებს. აქვე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი ტკივილი, გულწრფელად მინდა ვთქვა ამის თაობაზე, დიდი დანაკლისი, უკვე 33 ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა ამ ომში, რაც რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის ტრაგედია, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს", - თქვა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილმა საზოგადოებას შეახსენა, რომ უკრაინაში ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს მთავრობა ფარავს.
"აქვე მინდა საზოგადოებას შევახსენო, რა როლი აქვს დღევანდელ ხელისუფლებას ამ პროცესში და კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით, ოჯახებთან შეთანხმებით, ყველა დაღუპულის გადმოსვენება მოხდა მთავრობის უშუალო ჩართულობით, ვგულისხმობ წინა შემთხვევებს. ამ ხარჯებს სრულად ფარავს მთავრობა და ასევე ჩვენი გადაწყვეტილებით, ვინაიდან მათი უმეტესობა იყვნენ ყოფილი სამხედროები, ოფიცრები, პოლიციელები, მათ მიღებული აქვთ მონაწილეობა ჩვენს ომებში, ჩვენი გადაწყვეტილებით, ყველა ასეთი შემთხვევა იქნა ღირსეულად, სამხედრო პატივით დაკრძალული", - თქვა ღარიბაშვილმა.
ამასთან, მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა საზოგადოების კრიტიკის საპასუხოდ კვლავ წინა ხელისუფლებაზე ისაუბრა და თქვა, რომ "ისინი ცდილობენ, "მგრძნობიარე საკითხებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, მღელვარების შემოტანას".
ღარიბაშვილის მტკიცებით, საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში საბრძოლველად "ომის პარტიის" წარმომადგენლებს მიჰყავთ და ამით გარკვეული პროვოკაციების მოწყობას ცდილობენ.
"მინდა ვთქვა, რომ ვუყურებთ ბოლო დღეებში ატეხილ აჟიოტაჟს ყველაზე მგრძნობიარე საკითხზე. ადამიანი გარდაიცვალა, ომში და ამაზე ვიღაც ფარისეველი, ყალბი პოლიტიკოსები ცდილობენ, გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღებას, ამაზე ამორალური თუ რაიმე არსებობს. მინდა ყველას შევახსენო, რომ ეს ადამიანები, ე.წ ომის პარტია და გამყიდველების პარტია, დღიდან ომის დაწყებიდან უკრაინაში, ცდილობენ გარკვეული პროვოკაციების მოწყობას, მათი ორგანიზებულია ახლაც, ეს ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავთ ომის პარტიის წარმომადგენლებს უკრაინაში, მათი არაერთი პროვოკაცია იქნა არიდებული თავიდან ჩვენი მთავრობის მიერ და ყველას კარგად გახსოვთ, როგორ მოიქცა მათი რეალური ლიდერი და მმართველობა აგვისტოს ომის დროს. ჩვენი გმირი ჯარისკაცების ცხედრები დატოვეს ბრძოლის ველზე, რაზე საუბრობენ საერთოდ?!
როგორ ბედავენ ეს ადამიანები, საერთოდ როგორ ახსენებენ სამხედროების სახელს. კარგად ვიცით, როგორ მიატოვეს სამხედროების ცხედრები, გამოიქცნენ თავად, ე.წ მთავარსარდალმა ყველაზე დიდი სირცხვილი აჩვენა ერს, მიწაზე იყო გართხმული და მეორე, თავდაცვის მინისტრი გამოიქცა ბრძოლის ველიდან. დღეს გამოდიან და ცდილობენ, ასეთი მგრძნობიარე საკითხებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, მღელვარების შემოტანას. კიდევ ყველას შევახსენებ, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს, ჩვენი მოქალაქეები არიან, საწყალი ბიჭები, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ დიდი ტრაგედიაა ჩვენთვის, მთავრობა პირველი დღიდან ჩაერთო, საელჩოები ჩართულები არიან და ყველაფერი გაკეთდა ჩვენს მიერ და სათანადო პატივი მივაგეთ დაღუპულთა ოჯახებს, ყოველგვარი ყვირილის და პიარის გარეშე. ყველაფერზე პიარის გაკეთება და ამორალური პოპულიზმი არის უბრალოდ შემაშფოთებელი, არაქართული მოვლენაა, შეიძლება ასე ითქვას", - თქვა ღარიბაშვილმა.
უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლას კიდევ 5 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შეტაკება ქალაქ ბახმუტთან მოხდა, რომელიც ახლა ერთ-ერთ ყველაზე ცხელი წერტილად მიიჩნევა. ასევე დაბობმვის შედეგად დაჭრილია კიდევ რამდენიმე ქართველი მბერძოლი, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას ამ დრომდე სულ 33 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.