ყოფილი მღვდელი ბასილ კობახიძე საპატრიარქოს წარმომადგენლებს კორუფციაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაგეგმილი მშენებლობა პირველი შემთხვევა არ არის და 1 ლარად გადაცემულ ქონების კომერციული მიზნით გამოყენება სხვა დროსაც ბევრჯერ მომხდარა.
ბასილ კობახიძეს მაგალითად მოჰყავს 2010 წელს ბათუმის მიტროპოლიტ დიმიტრისთვის სიმბოლურ ფასად ნაკვეთის გადაცემის შემთხვევა და ამბობს, რომ იმ ტერიტორიაზე კომერციული საქმიანობა მიმდინარეობდა.
„მიწის გადაცემა თითქოს ეკლესიის ან რაიმე რელიგიური შენობის აშენებისთვის, შემდეგ კი კომერციული მიზნებით გამოყენება მრავლად არის. 2010 წელს პატრიარქის ძმისშვილს, ბათუმის მიტროპოლიტ დიმიტრის სახელმწიფომ გადასცა ერთ ლარად ტერიტორია პატრიარქის რეზიდენციისთვის. მან კი ეს ტერიტორია გადასცა სხვა კერძო კომპანიას, დაიწყო იქ ვაჭრობა სიგარეტით, კონიაკით. მაგალითად, მილიონობით დოლარის კონიაკი გაიტანა მოსკოვში საპატრიარქომ, შემოჰქონდა სიგარეტი. აქედან გაჰქონდა ფოლადის ნაკეთობები", - აცხადებს ბასილ კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან საპატრიარქოსთვის მიწის ერთ ლარად გადაცემის საკითხი „შაბათის ფორმულამ“ გამოიძია - როგორც გაირკვა, თავდაპირველად ტაძრის ასაშენებლად განკუთვნილ მიწაზე საცხოვრებელი კორპუსები შენდება.