თბილისში მაჟორიტარული ოლქების რაოდენობასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა.
როგორც ცნობილია, თავდაპირველად „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ მოდელში თბილისი 7 მაჟორიტარულ ოლქად იყო დაყოფილი, თუმცა აღნიშნული ოპოზიციამ გააპროტესტა და მოითხოვა, რომ ოლქების რაოდენობა 8-მდე გაზრდილიყო. კონსულტაციების შემდეგ, მმართველი გუნდი ოპოზიციის მოთხოვნას დათანხმდა. შესაბამისად, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში თბილისი 8 ოლქად იქნება დაყოფილი.
საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს უნდა დარეგისტრირდეს.
შეგახსენებთ, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში 120 დეპუტატი პროპორციული საარჩევნო სისტემით იქნება არჩეული, ხოლო 30 მაჟორიტარულით. გარდა ამისა, არჩევნები 1%-იანი ბარიერით ჩატარდება და იქნება 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი. შესაბამისად, კონკრეტული პარტია მთავრობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დააკომპლექტებს თუ ხმების 40%-ზე მეტს დააგროვებს.