2021 წელი საქართველოში, სხვა სიტყვებით, ალბათ ერთი დიდი ჩიხური პოლიტიკური კრიზისი იქნებოდა, რომელიც ამ წელს არ დაწყებულა, თუმცა გაღრმავდა.
წელი დაიწყო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან ფორმალურად წასვლით, გაგრძელდა ოპოზიციის ბოიკოტით, დასავლეთის ჩართულობით ხანგრძლივი პოლიტიკური მოლაპარაკებებით, ოცნების მხრიდან სიტყვის მორიგი გატეხვით და დასავლეთთან ანტაგონიზმით. სრულდება თვითმმართველობის არჩევნების სადავო შედეგებით და მზარდი ავტორიტარიზმით, რომელსაც უკვე ყველაფერს მოედო. ოპოზიციის ნაწილი შიმშილობს, სააკაშვილი ციხეშია, რიგგარეშე არჩევნების პერსპექტივა ისევ გაურკვეველი.
ეს წელი, ალბათ ერთ-ერთი განსაკუთრებულია იმ მხრივაც, რომ მმართველი გუნდის წევრებმა განსაკუთრებულად დაგვამახსოვრეს თავი თავიანთი გამონათქვამებით.
წლის დასაწყისშივე, ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის და “მისია შესრულებულია”. თუმცა, 8-წლის თავზე “ყველა მიმართულებით გაუმჯობესებული მდგომარეობის” შემდეგ, აღნიშნა, რომ “გაჭირვებას 5 წუთში ვერ დაძლევ”.
"ჩვენ სტაბილურად, 8 წლის განმავლობაში, ყველა მიმართულებით, ხაზს ვუსვამ — ყველა მიმართულებით გვაქვს პრინციპულად უკეთესი მდგომარეობა. ისე არა, ახლა იტყვიან, რამდენი გაჭირვებულიაო, ერთადერთს ამბობენ. გასაგებია, რომ ამ გაჭირვებას ასე 5 წუთში ვერ დაძლევ და დრო სჭირდება", - თქვა ივანიშვილმა თავის ბოლო ინტერვიუში პირველ არხთან.
ოდნავ მოგვიანებით, ახალბედა დეპუტატმა და პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობა ასე შეაფასა:
ქართული ოცნების თავმჯდომარის თანამდებობაზე ივანიშვილი კობახიძემ ჩაანაცვლა, რომელსაც პარტიის დამფუძნებლის წასვლამ ჭადრაკის წესები გაახსენა და იგი გროსმაისტერს შეადარა:
"ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი 2011 წელს ქართულ პოლიტიკაში შემოვიდა, როგორც ერთადერთი გროსმაისტერი და ერთ წელიწადში საყმაწვილო შამათით დაამარცხა მეხუთეთანრიგოსანი მოძალადეები".
მას შემდეგ, რაც თებერვალში პრემიერობიდან გადადგა გიორგი გახარია, მისი ადგილი ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დაიკავა.
მალევე, ტვ პირველმა უკვე პრემიერ ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს შორის გაკეთებული ჩანაწერი გაავრცელა. ისინი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავდნენ.
"მე დღესაც იგივე პოზიცია მაქვს, მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია, ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ", - თქვა ბერა ივანიშვილმა გავრცელებული ჩანაწერის პასუხად.
მოზარდების მიმართ დაშინების, ანგარიშწორებისა და ჩანაწერში გაჟღერებული სხვა ძალადობრივი ქმედებების შემდეგ, ღარიბაშვილმა დაზარალებულად საკუთარი თავი გამოაცხადა:
"დაზარალებულები ვართ ჩვენ, მე პირადად. რატომ მისმენდნენ მე როგორც პირს, რატომ უსმენდნენ 15 წლის არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს?"
კიდევ იყო ბევრი ცინიზმი, ირონია, სიძულვილის ენა, ზიზღი.
"ცხოვრება ცინიზმის გარეშე ძალიან ძნელია. მე ჩემს თავთანაც ძალიან ცინიკოსი ვარ… მე თვითონ ვარ ჩემივე ცინიზმის საგანი ხშირად და ვცდილობ, გარედან შევხედო ჩემს საკუთარ თავს და ახლობლებს ბევრჯერ უსაყვედურიათ, ნუ იცი ხოლმე ასე შენი თავის დაცინვა და დაკნინება, არ ვარგა. ამ დროს მე ვეუბნები, რომ რატომაც არ ვარგა?!" - თქვა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
როცა თებერვალში გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა, მიზეზად ნიკა მელიას დაკავების ფორმაზე მმართველ გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა.
"იქედან გამომდინარე, რომ მე, სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან".
მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დასაკავებლად სპეცრაზმმა ენმ-ს ოფისი შტურმით აიღო - რობოკოპები შენობაში სახურავიდან და ფანჯრებიდან გადაძვრნენ, შიგნით მყოფი ხალხის წინააღმდეგ კი წიწაკის სპრეი გამოიყენეს.
"მისი [ნიკა მელიას] დაკავებისასაც კი, როდესაც მეორე მხარეს პროვოკაცია და ძალადობა იგეგმებოდა, პოლიციამ პროპორციული ძალის გამოყენებით, მაქსიმალურად ჰუმანურად უზრუნველყო კანონის აღსრულება. სწორედ ჰუმანიზმი და ეს ხელწერაა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ამ გუნდის წევრი გავხდი", - ქართული ოცნების დეპუტატი, პიანისტი ელისო ბოლქვაძე სპეცოპერაციიდან მე-2 დღეს.
ქართული ოცნების დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა კი ენმ-ის ოფისში შეკრებილ მხარდამჭერებს დააბრალა ინვენტარის გაფუჭება.
პარლამენტში მისული შს მინისტრი გომელაური კი თეა წულუკიანმა ასე შეაქო:
"ძალიან ბევრ შემთხვევაში მე დამიყენებია ჩემი თავი თქვენ ადგილზე და მითქვამს, რომ არა, მე ამას, ასე ადამიანურად, ჰუმანურად, ასე მაღალი სტანდარტით ალბათ ვერ შევძლებდი-მეთქი".
2020 წლის ოქტომბერში ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი ბადრი ესებუა შეიჭრა და ათობით მძევალი აიყვანა.
ის დღემდე არავის დაუკავებია, შს მინისტრი კი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ემოციით პასუხობდა კითხვებს:
- 2021 წლის თებერვალი — ვახტანგ გომელაური: ოპერატიული სამსახური მუშაობს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავაკავოთ
- 2021 წლის 5 მარტი — ვახტანგ გომელაური: მესმის, რომ დასაკავებელია
- 2021 წლის 5 მაისი — ვახტანგ გომელაური: ახლა გავალ და ალბათ, რამდენიმე წუთში დაკავებული იქნება
- 2021 წლის 22 მარტი — ვახტანგ გომელაური: ბადრი ესებუა სადაც არის, ვიცით ჩვენ - ისვენებს
იყო ჰომოფობია და ძალადობის წახალისება. 5 ივლისს ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ლგბტ თემის უფლებების დასაცავად დაანონსებული ღირსების მარში "მიზანშეუწონლად მიაჩნია".
ვნახეთ, როგორ "დაიცვა" სახელმწიფომ მოქალაქეები და ჟურნალისტები 5 ივლისს გამოსული მოძალადეებისგან:
"საშუალება რისიც იყო გამოვიყვანეთ...მოძალადეებს, რისი საშუალებაც იყო ვაკავებდით", - ვახტანგ გომელაური.
"ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა, ეს სახელმწიფომ აღკვეთა და ყველა მოძალადე დაიჭირა", - ირაკლი ღარიბაშვილი.
კულტურის მინისტრმა მთავარი არხის ზუგდიდის რეპორტიორს ინტერვიუს დროს მიკროფონი წაართვე და თვეობით აღარ დაუბრუნა.
ზაფხულის ბოლოს, პანდემიის მეოთხე-მეხუთე ტალღების მიჯნაზე, პრემიერმა ეკონომიკური მდგომარეობა დაახასიათა:
"მოსახლეობამ ეს დეპრესიული, ნიჰილისტური დამოკიდებულება, ფონი შეცვალა და დაიწყო ახალი დოვლათის შექმნა. სამუშაოს დაუბრუნდა ათასობით ადამიანი. ტურისტების მძლავრი ნაკადები შემოვიდა ქვეყანაში. გადაჭედილია სასტუმროები. ძალიან გვახარებს, რომ ეკონომიკა დუღს და მუშაობს".
იყო ამბავი "ვიღაც კოკაინშიკზე"...
"მგონი, ჯობია სხვა თემებზე ვისაუბროთ, ნაცვლად იმისა, რომ ვიღაცა კოკაინშიკზე დავხარჯოთ 15 წუთი... მთავარი თემა არის ის, რომ ჩვენ არ უნდა დავუშვათ ნაციონალური მოძრაობის რევანში", - ირაკლი კობახიძე.
თვითმმართველობის არჩევნებამდე, მიხეილ სააკაშვილმა მისი საქართველოში დაბრუნების თარიღი დაასახელა.
"სასაცილოა, რომ ამხელა კაცი ჩამოდის მგონი დედასთან ერთად, დედას ბუშტი გვიბრუნდება".
პირველ ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც იგი ბათუმიდან მიესალმა მოქალაქეებს.
"სააკაშვილი იმყოფება უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში. ის იყო ღამით, როდესაც ვითომ ვიდეოს დებდა, სასტუმრო რიქსოსში. ახლა, ამ ინფორმაციის გახმოვანების შემდეგ, შეიძლება, დაიმალოს", - მამუკა მდინარაძე;
"რაც შეიძლება მეტი HA HA!" - ასე ეხმაურება ქართული ოცნების წევრი, არჩილ თალაკვაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის უკვე საქართველოშია.
"მოდელირებული ქრონიკის ავტორებისგან რა უნდა გაგიკვირდეს? ომი დადგეს მედიით. თავისი ჩამოსვლაც ისეთ სტილში წარმოუდგენია, როგორც გორში თვითმფრინავის დანახვისას მოიქცა".
"საჯარო ინფორმაცია იყო, რომ ჩამოდიოდა 2 ოქტომბერს კიევის რეისით. დღეს გვეუბნება, რომ უკვე ბათუმშია, ე.ი. მოატყუა უკვე თავისი ამომრჩეველი", - ვიქტორ სანიკიძე.
"სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს, უკრაინის საზღვარი არ დაუტოვებია" - შსს
დაბოლოს, მიხეილ სააკაშვილი თბილისის გარეუბანში, სანზონაში აღმოჩნდა, სადაც პოლიციამ აიყვანა და დააკავა.
"ჩვენ შეგნებულად არ ვამბობდით ამის თაობაზე, ეს იყო ჩვეულებრივად ოპერატიული ტაქტიკა, რომელიც საჭირო იყო ასეთი შედეგის დასაყენებლად", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა 2 ოქტომბერს იმედის ეთერში. წინა დღით, სააკაშვილის დაკავების გამოცხადების დროს მან ბიძინა ივანიშვილს მიმართა:
"დღეს არის პირველი ოქტომბერი და ბიძინაობა. მე დღეს არ მქონია შესაძლებლობა, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის მიმელოცა დღევანდელი დღე. 9 წელი გავიდა ისტორიული გამარჯვებიდან. ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ დღეს".
იყო რეაქციები პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე:
"თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია, მოიკლას", - ღარიბაშვილი სააკაშვილზე
თვითმმართველობის თავისებური გაგება შემოგვთავაზა პრემიერმა არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, რომ აზრი არ ექნებოდა ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებას.
"ნებისმიერ მუნიციპალიტეტში სხვა კანდიდატი რომც გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე პერსპექტივა არ აქვს უბრალოდ. ეს არის თავის მოტყუება".
სადავო თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ქართული ოცნება საკრებულოებშიც ცდილობდა ძალთა ბალანსის შეცვლას. კრიზისის შედეგად საკრებულოს ყველა თავმჯდომარე ჯერაც არაა არჩეული.
ქართული ოცნებიდან 3 კვირის არჩეულმა აბაშის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან მაკალათიამ კი განაცხადა, რომ "თავი ამოწურა".
"მიზეზი არაფერი, ამოვწურე უბრალოდ თავი, აბაშაში მუშაობა. მივიღეთ 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები, 2022 წლის ახალი ბიუჯეტი, დავამტკიცეთ კომისიები და დავტოვე აღნიშნული თანამდებობა".
ლევან მაკალათიამ "თავი ამოუწურა", სამაგიეროდ, ჩვენ ვერ ამოვწურეთ ქართული ოცნების ლიდერების ფრაზები, რომლებიც მშრალ ფაქტებზე უკეთ გვიყვება კონტექსტის შესახებ. თუმცა, წელი იწურება და ზემოთ მოყვანილ ფრაზაზე შევჩერდებით.