logo
ENG



2024 წელს ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს

06 თებ 202316:49
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 2024 წელს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს. მათი განცხადებით, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ტექნოლოგიები არ იქნება გამოყენებული, ბიულეტენები გაციფრულდება.

"დღეს ცესკომ ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც, 2024 წელს გასამართი პარლამენტის არჩევნებისას, ამომრჩეველთა თითქმის 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიიღებს. დარჩენილ საარჩევნო უბნებზე კი განხორციელდება ბიულეტენების გაციფრულება და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლა.

ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ღიაობის და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის დადგენას საარჩევნო უბნებზე. აღსანიშნავია, რომ ეს მოცემულობა ხელს შეუწყობს ყველა ჩართულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ გაერთიანებებს, თავის მხრივ საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ წელიწად-ნახევრით ადრე მოემზადონ, დაგეგმონ და განახორციელონ აქტივობები 2024 წლის არჩევნებისთვის" - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა.

ცესკოს ინფორმაციით, 2024 წლის არჩევნები, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება ყველა თვითმმართველ ქალაქსა და თვითმმართველი თემების მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების ტერიტორიაზე არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე, ასევე ზემოხსენებული მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე (გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრებისა) არსებულ იმ საარჩევნო უბნებში, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 300 ამომრჩეველს და ამავდროულად, შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიის მისამართსა და საოლქო საარჩევნო კომისიის მისამართს შორის მანძილი არ აღემატება 20 კმ-ს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, იმ საარჩევნო უბნებში კი, სადაც საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული მთვლელი განთავსებული არ იქნება, საუბნო საარჩევნო კომისია ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული წესით საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში განახორციელებს საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანას შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობების საშუალებით - მათი თქმით, საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანილი ვერსია განთავსდება ინტერნეტ სივრცეში საარჩევნო უბნების მიხედვით და მათი გაცნობა შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.


close დახურვა