logo
ENG



2024 წლის ბიუჯეტი 28 მილიარდ 500 მილიონი ლარი იქნება - ღარიბაშვილმა ცვლილებებზე ისაუბრა

03 ნოე 202314:57
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა პარლამენტს 2024 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს დღეს გაუგზავნის. ქვეყნის მომდევნო წლის ბიუჯეტი 28 მილიარდ 500 მილიონი ლარით არის განსაზღვრული.

ბიუჯეტის პროექტში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონრები მომდევნო წელს სამკურნალო მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ. ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, ონკოლოგიური პაციენტების ადრეული კვლევების დაფინანსებაც დაიწყება.

"მომდევნო წელს პენსიონრებს, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, მთელი წლის განმავლობაში უფასოდ ექნებათ მედიკამენტები. ასეთია დაახლოებით 400 000 პენსიონერი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია. ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონრები უფასოდ მიიღებენ მედიკამენტებს 2024 წელს. ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ", - თქვა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

გარდა ამისა, 2024 წელს ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა პენსიის ზედა ზღვარი 560 ლარიდან 1000 ლარამდე გაიზრდება. ასევე, ნამსახურების თითოეულ წელზე გათვლილი თანხის მოცულობა საშუალოდ 20%-ით გაიზრდება. გაზრდილი ბიუჯეტით სამსახურებრივი მოვალეობისას დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების კომპენსაცია 1000 ლარიდან 1200 ლარამდე გაიზრდება. ახალი ბიუჯეტის პროექტით გაიზრდება 9 აპრილის მონაწილეთა, პოლიტრეპრესირებულთა ოჯახის წევრების ყოველთვიური საყოფაცხოვრებო სუბსიდია, თუმცა რამდენი ლარით ღარიბაშვილმა არ დააკონკრეტა.

ცვლილებები შეეხება პედაგოგთა ხელფასებსაც, რომლებიც 2024 წელს უნდა გაიზარდოს. ღაღიბაშვილის თქმით, სრული დატვირთვით, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ხელფასები საშუალოდ "500 ლარით და მეტით გაიზრდება".


close დახურვა