აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირი მაუწყებლიდან ნათია ზოიძის წასვლას ეხმაურება. როგორც პროფკავშირის განცხადებაშია ნათქვამი, ზოიძის წასვლა მხოლოდ იმის მანიშნებელი შეიძლება იყოს, რომ დამოუკიდებელი მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა ხდება.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტელევიზიის პრინციპული კადრების გადინებამ პერმანენტული ხასიათი მიიღო, რაც გახდა მიზეზი პოზიციის დაფიქსირებისა.
„გუშინ, 2020 წლის 2 თებერვალს, მაუწყებელი კიდევ ერთმა კადრმა დატოვა. დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძე აღარ არის მაუწყებლის თანამშრომელი, რადგანაც შეიცვალა მისი შრომითი ხელშეკრულება და აღარ ეძლეოდა საქმის კეთების საშუალება. ვინაიდან ეს არ არის ერთეული შემთხვევა და მაუწყებლიდან პროფესიონალი და პრინციპული თანამშრომლების გადინებამ პერმანენტული ხასიათი მიიღო, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფკავშირების სახელით გადავწყვიტეთ ჩვენი პოზიცია დაგვეფიქსირებინა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ნათია ზოიძის სამსახურიდან წასვლა სხვა არაფერია, თუ არა სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის უკვე დამდგარი ფაქტი. ეს აღარაა მცდელობა. ეს არის შედეგი, რაზეც სრული პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოსა და მაუწყებლის დირექტორს. მაუწყებლის თანამშრომლები ვაგრძელებთ დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ბრძოლას, რადგან ძალაუფლება არის იმ ადამიანების ხელში, რომელთათვისაც მაუწყებლის ღირებულებები და მისია მიუღებელი ცნებებია. იმ პირობებში, როდესაც არცერთი ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაცია არ სვამს კითხვებს ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით და მაშინ, როდესაც ტელევიზიის წინაშე უამრავი გამოწვევაა, დირექტორი და მრჩეველთა საბჭო საუბრობენ არა ამ პრობლემების გამოსწორებაზე, არამედ ასუსტებენ მაუწყებლის დამოუკიდებლობას და ებრძვიან თავისუფალ რედაქციას. მიმდინარე არაჯანსაღი პროცესები შეუძლებელს ხდის თანამშრომლების მხრიდან მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებას. საარჩევნო წელს ამგვარი რყევები დამატებით პოლიტიკურ მდგენელს სძენს პროცესს და აჩენს ეჭვებს, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას შეიძლება ემსახურებოდეს ეს ცვლილებები“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ნათია ზოიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დატოვების შესაზებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.
