ევროპარლამენტარებს, ევროკომისიის წარმომადგენლებს და ექსპერტებს შეხვდებიან ოთხი ოპოზიციური პარტიის ქალი ლიდერები ევროკავშირის დედაქალაქში. შეხვედრები ევროპარლამენტში დაიწყება და ოპოზიციის წარმომადგენლებს ორი ძირითადი გზავნილი ექნებათ ევროპელ კოლეგებთან, როგორი უნდა იყოს მომავალი საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სისტემა და ოპოზიციის ლიდერების პოლიტიკური დევნა.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, პოლიტიკოსები ეცდებიან, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაზე ევროკავშირის მაქსიმალური ზეწოლა უზურნველყონ.
„რაც შეეხება საარჩევნო სისტემა, ჩვენი მიზანია, რომ ვუზრუნველყოთ მაქსიმალური ზეწოლა ევროკავშირიდან, რომ შეიცვალოს წესი, რომლითაც პარლამენტის ფორმირება ხდება. მეორე, ესაა ზეწოლა პოლიტპატიმრებსა და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პოლიტიკოსებსა და მედიის წარმომადგენლებს. ჩვენი ამოცანაა, რომ ივანიშვილი მიხვდეს ძალიან დიდი ფასის გადახდა მოუწევს თუ გააგრძელებს მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნებით მანიპულირებას“, - განაცხადა სამადაშვილმა.
ბრიუსელში ვიზიტით იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ელენე ხოშტარია, „ლელო საქართველოსთვის“ წევრი ანა ნაცვლიშვილი და „გამარჯვებული საქართველოს“ წარმოამდგენელი ანა რეხვიაშვილი.