logo
ENG



შოთაძის აღიარება ნიშნავს, რომ განცხადებები გახარიას წერილთან დაკავშირებითაც იყო სიმართლე - ლელო

04 თებ 202016:23
3 წუთის საკითხავი
 

„ლელოს“ ლიდერები ირაკლი შოთაძის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეში შეხვედრას ეხმაურებიან. მათი თქმით, შოთაძის მხრიდან ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათი ბრალდებები გახარიასა და ბიძინა ივანიშვილისადმი სიმართლეა და თანდათან გამოაშკარავდება.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მმართველობა დამღუპველია ქვეყნისთვის და ეს აუცილებლად უნდა დასრულდეს, რადგან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს აქვს ინტერესთა კონფლიქტი. მისივე განმარტებით, არ შეიძლება ყველა ინსტიტუცია ემორჩილებოდეს ადამიანს, რომელსაც ბიზნესინტერესები გააჩნია და მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე ფიქრობს.

„დღეს ჩვენ მოვისმინეთ ყოფილი გენერალური პროკურორის სიტყვა, რომელშიც ის ადასტურებს შეხვედრას ივანიშვილის შუშის სახლში. ერთი მხრივ, მივესალმები მის აღიარებს. მეორე მხრივ კი, ყველა ის განცხადება, რაც ჩვენ გავაკეთეთ გახარიას წერილთან დაკავშირებით, ამას მოეფინება ნათელი და სიმართლე იქნება ცნობილი ყველასთვის. საქართველოში ბოლო უნდა მოეღოს ერთპიროვნულ მმართველობას. ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს ქვეყნის არაფორმალურ მართვას იმ დროს, როცა არ იკავებდა არანაირ თანამდებობას. როგორც კი გადადგა პრემიერმინისტრობიდან, მან გააგრძელა ბიზნესის კეთება და ეს არის ინტერესთა კონფლიქტი - მას უკავია დიდი ძალაუფლება. ეს არის სახელმწიფოებრიობის უგულებელყოფა. საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიულ ჩარჩოებში ქვეყნის მართავს", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„ლელოს“ გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე ეთანხმება პარტიის თავმჯდომარეს და ამბობს, რომ შოთაძის მხრიდან აღიარება უნდა გახდეს პრეცედენტი, გუნდის წევრებმა ამხილონ მმართველი პარტია და პირადად ბიძინა ივანიშვილი.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არ ვართ განებივრებულები ხელისუფლების წარმოამდგენლებისგან სიმართლის საუბრით, რადგან მათი ხელწერა არის ტყუილი. ჩვენ გვინდა ეს იყოს პრეცედენტი, როცა ადამიანებს არ ეშინიათ სიმართლის თქმა მიუხედავად იმისა, შეუქმნის თუ არა მათ ეს კარიერულ სირთულეს. მოვუწოდებ შოთაძეს, თუ გახდება პროკურორი, ამხილოს და სააშკარაოზე გამოიტანოს იმ ბრალდების აბსურდულობა, რომლითაც ჩვენ გვავიწროებენ ივანიშვილის დაქვემდებარებული ინსტიტუციები ფულის გათეთრებაში. ჩვენი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განმტკიცება. სახელმწიფო ინსტიტუტებს უნდა დაუბრუნდეთ მათი ფუნქცია და ჩვენი სახელმწიფო უნდა შედგეს, როგორც ინსტიტუციებზე აგებული სტრუქტურა. პიროვნებებზე აგებული სტრუქტურა არის მყიფე და ინგრევა ჩვენ თვალწინ“, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ საპროკურორო საბჭოსთან გასაუბრებისას ოთარ კახიძის კითხვაზე პასუხად ირაკლი შოთაძემ აღიარა, რომ ბიძინა ივანიშვილს, მამუკა ხაზარაძესა და ვანო ჩხარტიშვილს შორის გამართულ შეხვედრას თავადაც ესწრებოდა. მისი განმარტებით, ის შეხვედრაზე შემთხვევით მოხვდა.


close დახურვა