logo
ENG



ელენე ხოშტარია: ევროპარლამენტში ძალიან კარგად ესმით ის გამოწვევები, რაც საქართველოს დემოკრატიას აქვს

05 თებ 202020:26
3 წუთის საკითხავი
 

წერილი საქართველოდან - საერთაშორისო პარტნიორებს. „ფორმულანიუსმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტი, რომლითაც ევროპული სტრუქტურების უმაღლესი თანამდებობის პირებს განსხვავებული პოლიტიკური ხედვისა და პრეფერენციის პოლიტიკური ლიდერები და მედიის წარმომადგენლები მიმართავენ, მათ შორის წერილს ხელს აწერენ საპატიმროში მყოფი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები.

წერილის შინაარსზე განცხადებები გაკეთდა ბრიუსელში. იქ ქართველ ოპოზიციონერ ლიდერ ქალთა დელეგაცია იმყოფება, წერილი ევროკავშირის დედაქალაქში სწორედ მათ ჩაიტანეს. ოპოზიციონერებს ევროპულ სტრუქტურებში შეხვედრები მთელი დღის განმავლობაში აქვთ.

„წერილის მთავარი გზავნილი არის ის, რომ საქართველოში პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული მართლმსაჯულება ეს არის სისტემური პრობლემა და ეს არის ის რა გზითაც ბიძინა ივანიშვილი აპირებს, რომ რეალურად შეაჩეროს დემოკრატიული პროცესი“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ევროპარლამენტში ძალიან კარგად ესმით ის გამოწვევები, რაც საქართველოს დემოკრატიას აქვს. მისივე თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატები მიუხედავად სერიოზული განსხვავებებისა ერთიანდებიან ერთი რამის გარშემო, რომ საქართველოში უნდა დაბრუნდეს დემოკრატიული თამაშის წესები.

„ევროპარლამენტში ძალიან კარგად ესმით ის გამოწვევები, რაც საქართველოს დემოკრატიას აქვს. ეს არის თვალსაჩინო მაგალითი ორი რამის. პირველი - იმისა, რომ სრულიად განსხვავებული ადამიანების მიმართ ერთი და იგივე მეთოდებით ხდება მათი პოლიტიკური დევნა. მეთოდი არის ზუსტად ერთი და იგივე. მეორე - ჩანს, რომ ეს ადამიანები მიუხედავად ძალიან სერიოზული განსხვავებებისა ერთიანდებიან ერთი რამის გარშემო, საქართველოში უნდა დაბრუნდეს დემოკრატიული თამაშის წესები“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოში ვერცერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალას ვერ გავიხსენებთ, რომ ერთ ლიდერს საეჭვო სამართლებრივი მოცემულობით ერთ საქმეს არ ედავებოდნენ.

„დემოკრატიულ სახელმწიფოებში არჩევნების სამართლიანობა და ლეგიტიმურობა არ იზომება მხოლოდ არჩევნების დღეს მიღებული ხმებით და განაწილებით. დღეს ვერ გავიხსენებთ ვერცერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალას, რომელიც მინიმუმ ერთ ლიდერს ერთ საქმეს არ ედავებოდნენ ძალიან საეჭვო სამართლებრივი მოცემულობით“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

„გამარჯვებული საქართველოს წარმომადგენლის ანა რეხვიაშვილის თქმით, ოპოზიციამ უნდა შექმნას კოალიციური მთავრობა და საქართველოს ევროპული განვითარების მომავალი გაუხსნას.

„ყველა თანხმდება იმაზე, რომ ივანიშვილმა უნდა შეასრულოს პირობა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. დაუყონებლივ უნდა შეწყდეს პოლიტიკური ოპონენტების, კრიტიკული მედიის და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ პოლიტიკური დევნა და რაც მთავარია ჩვენ აუცილებლად უნდა შევცვალოთ ხელისუფლება. ჩვენ უნდა შევქმნათ კოალიციური მთავრობა და გავუხსნათ საქართველოს ევროპული განვითარების მომავალი“, - განაცხადა ანა რეხვიაშვილმა.

 


close დახურვა