ექსპერტები და მესამე სექტორის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ ეუთო-ოდირის დასკვნა მმართველ ძალას საარჩევნო სისტემის კონსენსუსის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.
არასამთავრობოები ეუთო-ოდირის დასკვნიდან ასახელებენ კონკრეტულ პუნქტებს კერძოდ, საუბარია მე-19 და 21-ე მუხლებზე, სადაც საუბარია იმაზე, რომ მაჟორიტარულ ნაწილში შესაძლებელია ოლქები იყოს, როგორც ერთმანდატიანი, ისე მრავალმანდატიანი. აქედან გამომდინარე, ექსპერტები და მესამე სექტორის წარმომადგენლები მიმართავენ საქართველოს ხელისუფლებას და მოუწოდებენ მას, რომ სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ დასკვნის თარგმანთან დაკავშირებით.
„დასკვნაში სრულიად ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად წერია მე-19 და 21-ე პუნქტებში კონკრეტულად თუ ეს ვინმეს აინტერესებს, რასთან გვაქვს საქმე. დღევანდელი კონსტიტუციით გათვალისწინებული შერეული, ანუ მაჟორიტარულ-პროპორციული საარჩევნო სისტემა შესაძლებელია მისი მაჟორიტარული სისტემის ნაწილში განხორციელდეს ან ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქებით, როგორც ეს დღეს არის საქართველოში, ან მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქებით, როგორც ეს წარმოდგენილია ოპოზიციის შეთავაზებაში“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
იუსტიციის უამღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებით, ხელისუფლებას ამ დასკვნის შემდეგ მოუწევს პოლიტიკურ ოპოზიციასთან დიალოგი გამართოს, სადაც ისეთ მოდელზე იმუშავებს, რომელიც ყველასთვის იქნება მისაღები.
„ერთპიროვნულად ხელისუფლებას არ შეუძლია მიიღოს, გააუქმოს, გადაწეროს, გადმოწეროს საარჩევნო კოდექსის ცვლილებები. ოდირმა პირდაპირ მიუთითა, რომელ მოდელზეც არ უნდა იყოს შეთანხმება, ეს შეთანხმება „ოცნებას“ თავის თავთან კი არ ნდა ჰქონდეს დადებული, ეს შეთანმხება უნდა იყოს ფართო პოლიტიკურ წრეებთან. ხელისუფლებას ამ დასკვნის შემდეგ მოუწევს დაბრძანდეს პოლიტიკურ ოპოზიციასთან და იმუშაოს ისეთ მოდელზე, რომელიც ყველასთვის იქნება მისაღები“, - აცხადებს ანა დოლიძე.
საია-ს თავმჯდომარე არსებული საარჩევნო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე ამახვილებს ყურადღებას. რაც შეეხება-ეუთო ოდირის დასკვნას, სულხან სალაძის თქმით, მთავარ გზავნილი ამ დასკვნაში იყო ის, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, ფართო პოლიტიკური კონსესუსის საფუძველზე უნდა იყოს მიღებული.
„ალბათ მთავარი გზავნილი იყო ის, რომ გადაწყვეტილება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს ფართო პოლიტიკური კონსესუსის საფუძველზე და რეალურად ისეთი ინკლუზიის პირობებში, როდესაც ყველა პარტია იქნება ჩართული. არსებული საარჩევნო სისტემა, რომლითაც ხდება პარლამენტის დაკომპლექტება, თავისთავად ხარვეზიანია“, - განაცხადა სალაძემ.