logo
ENG



ბენ ჰოჯესი:ეკონომიკური ინტერესის არ არსებობის გამო, არავინ გამოთქვამს რუსეთის მიერ საქართველოს 20%-ის ოკუპაციაზე პრეტენზიას

06 თებ 202020:30
3 წუთის საკითხავი
clock 546

„ფორმულას“ ექსკლუზიური ინტერვიუ, ბრიუსელიდან - თამარ ნუცუბიძესთან საუბრისას ევროპაში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ყოფილი მთავარსარდალი გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ კრემლს გავლენა აქვს „ქართულ ოცნებაზე“ და ანაკლიის პროექტის გაჩერების მიზეზიც სწორედ ეს არის.

ჰოჯესის განცხადებით, საქართველომ ხელიდან გაუშვა საკუთარი კეთილდღეობის, უსაფრთხოების და შავ ზღვაზე ეკონომიკური დინამიკის შეცვლის შესაძლებლობა, - რუსეთის ფედერაციამ ყველაფერი გააკეთა, რათა ძირი გამოეთხარა ამ სტრატეგიული პროექტისთვის და საქართველოს  მთავრობა კრემლის ზეწოლას დაემორჩილა. გენერალი ამბობს იმასაც, რომ პროდასავლური ორიენტაციის მიმართ ბიძინა ივანიშვილის გუნდის ღალატი ჯერ კიდევ 6 თვის წინ, თბილისში ვიზიტისას შენიშნა.  

„ანაკლიის პორტი საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსს აძლევდა. ასეთი მასშტაბური პორტი მიიზიდავდა ევროპულ და ამერიკულ კომპანიებს, რაც, რა თქმა, უნდა საქართველოს მოუტანდა დიდ სარგებელს, სამუშაო ადგილებს, ვაჭრობას. გარდა ამისა ანაკლიის პორტი შეცვლიდა ეკონომიკურ გარემოს მთელს შავი ზღვის რეგიონში. ტვირთი საქართველოდან შავი ზღვის გავლით გავიდოდა ევროპაში, ასევე თურქეთის მიმართულებით შეიცვლებოდა თამაშის წესები.

ევროპული ქვეყნები ჩადებდნენ ინვესტიციებს საქართველოში, დაიწყებდნენ ბიზნესს. ჩაერთვებოდნენ უმსხვილესი ლოჯისტიკური და გადამზიდავი კომპანიები. ამით ევროპის ქვეყნები დაინტერესებული იქნებოდნენ საქართველოს უსაფრთხოებით, მაგრამ დღეს არ არიან.  რეალურად, იმიტომ არ გამოთქვამს არავინ რუსული ჯარის მიერ საქართველოს 20%-ის ოკუპაციაზე პრეტენზიას, რომ არ აქვთ ეკონომიკური ინტერესი. საქართველომ ხელიდან გაუშვა საკუთარი კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და შავ ზღვაზე ეკონომიკური დინამიკის შეცვლის შესაძლებლობა. საამისოდ რუსეთმა ყველაფერი გააკეთა და სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთის ზეწოლას დანებდა“, - აცხადებს ჰოჯესი

მას ხელისუფლების მიმართ შეკითხვები 6 თვის წინაც გაუჩნდა. როდესაც საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა. „ფორმულასთან“ ინტერვიუში გადამდგარი გენერალი აცხადებს, რომ დღევანდელი მთავრობა ქვეყნის დასავლური ორიენტაციის მიმართ ერთგული აღარ არის.  

„6 თვის წინ, როდესაც საქართველოში ვიმყოფებოდი, მთავრობა უკვე აღარ ჩანდა ისეთი ერთგული დასავლური ორიენტაციის მიმართ, როგორიც ადრე მახსოვს. ჩემი აზრით კრემლს აქვს გავლენა ქართულ ოცნებაზე და სხვებზეც. ამან გამოიწვია ანაკლიის პროექტის შეჩერება. თუ მთავრობას, სურდა ანაკლია, იქ დიდი ხნის წინ უკვე ხალხი იმუშავებდა და  სამშენებლო სამუშაოები იქნებოდა გაჩაღებული. ამერიკელებიც და სხვებიც მზად იყვნენ ინვესტიციების ჩასადებად. ბუნებით ოპტიმისტი ვარ. უამრავ გაბედულ და მამაც ქართველს ვიცნობ, რომლებსაც სურთ ქვეყანაში ლიბერალური დემოკრატია. ისინი დაიღალნენ რუსეთის დომინირებით, იმ კორუფციული გავლენებით, რასაც კრემლი იყენებს.  საქართველოს იმდენად დიდი პოტენციალი აქვს, რომ მთავრობამ უნდა იმოქმედოს“, - განაცხადა ჰოჯესმა.  

ამერიკელი სარდალი, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანების მოთხოვნით არაერთხელ გამოვიდა,  აცხადებს, რომ რუსეთის ხელის შემშლელი ქმედებების მიუხედავად საქართველო ალიანსის წევრი უნდა იყოს. დასავლეთს კი შავი ზღვის რეგიონში ეკონომიკური და დიპლომატიური ბერკეტების გამოყენებით კონკურენციის გაძლიერებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი საკუთარი გავლენის გაძლიერებას გააგრძელებს. 

„ძლიერი ქვეყნების კონკურენციას შეუძლია კონფლიქტის პრევენცია, თუ კონკურენციისთვის გამოიყენებენ დიპლომატიას, ინფორმაციას, ეკონომიკას და არა სამხედრო ძალას. შავი ზღვა კი ის რეგიონია, სადაც დასავლეთის კონკურენციაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი გააგრძელებს საზღვრებზე გადასვლას,  საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების უპატივცემულობას და საქართველო, უკრაინა ვერასდროს გამოიყენებენ სრულად საკუთარ პოტენციალს. ესაა პრობლემა. ახლაც ვამბობ, რომ საქართველო უნდა იყოს ნატოს წევრი. რუსეთმა შავი ზღვის გასწვრივ რკინის ფარდა აღმართა. ისინი არ გამოიყენებენ ძალას ნატოს წევრი ქვეყნის წინააღმდეგ, რადგან არ სურთ კონფლიქტი ალიანსის 29 წევრთან, რომლებსაც სულ მალე კიდევ ერთი ქვეყანა შეემატება ჩრდილო მაკედონიის სახით. მაგრამ საერთოდ არ ყოყმანობს რუსეთი ძალა გამოიყენოს საქართველოში, უკრაინაში, დნესტრისპირეთში. როდესაც საქართველო გახდება ნატოს ნაწილი ნაკლებად იგრძნობს რუსულ ძალას. ამით იცვლება საერთო დინამიკა. კრემლი ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, ქვეყნის შიგნით და მის გარეთ, რომ ეს არასდროს მოხდეს“, - განაცხადა ჰოჯესმა. 

ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერების საკითხზე და რუსეთის ზეწოლაზე ბენ ჰოჯესმა ევროპარლამენტში საზღვაო უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა. ეს იყო გზავნილი, რომ პროექტის განხორციელება საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, ქვეყნის და რეგიონის უსაფრთხოების დაცვის გარანტიაა.

 

 


close დახურვა