საპროტესტო აქციების მთავარი ეპიცენტრი, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია ისევ შემოღობილია.
თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ მოულოდნელად მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ადგილზე ფილები აყარეს, თუმცა სამუშაოები ფაქტობრივად არ მიმდინარეობს.
„ფორმულას“ ინფორმაციით, კომპანიამ, რომელსაც რეაბილიტაცია დაევალა, პოლიტიკური დავალებაც მიიღო იმის შესახებ, რომ პროცესი რაც შეიძლება დიდხანს გაჭიანურდეს.
არსებობს თუ არა პროექტის საბოლოო ვერსია, ამ კითხვას მერიაში არ პასუხობენ და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაზე მიგვითითებენ. თუ საბოლოო პროექტი და ფილების შემდგომი სამუშაოები არ დამტკიცებულა, გაუგებარია, რატომ შემოღობეს ადგილი, სადაც მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის კარავი იდგა, ოპოზიცია კი თითქმის ერთწლიან უწყვეტ აქციას მართავდა. ასევე გაუგებარია, რატომაა გაჩერებული მშენებლობა ფილების აყრის სტადიაზე. ამასთან დაკავშირებით ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ პროცესი ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკური ველის მოსუფთავების ერთ-ერთი ფორმაა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე სამუშაოების ზედამხედველმა არ იცის, როდის დაასრულებს რუსთაველის რეაბილიტაციას. არც ის იცის, რა უნდა გააკეთოს ხვალ. 22 იანვრის შემდეგ, კომპანიამ მხოლოდ ფილები აყარა. დღეს კი, სამი მუშა ადგილზე ფილების ქვეშ ბეტონის დასანგრევად მიიყვანეს.
პარლამენტის წინ სამუშაოებს კომპანია „გრინსერვისი“ უკვე ერთი თვეა ისე აწარმოებს, რომ რეაბილიტაციის პროექტი ჯერ არავის უნახავს. „ფორმულას“ ინფორმაციით, მერიამ ტერიტორია ისე შემოღობა, რომ პროექტი არ ჰქონდა, არც ახლა აქვს და დოკუმენტზე ამ წუთებში მუშაობს. ამ კითხვაზე სამუშაოების ზედამხედველის განმარტებები ურთიერთგამომრიცხავია.
ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ მერიას პროექტი არ აქვს და სამუშაოებს კანონის დარღვევებით ახორციელებს. უფრო მეტიც, ტენდერი პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე არ გამოცხადებულა. ამ გზით კი, მერიამ არა სარეაბილიტაციო, არამედ საპროტესტო სივრცე შემოღობა.
ტენდერი, რომელშიც კომპანია „გრინსერვისმა“ გაიმარჯვა ყოველწლიურად ცხადდება და არა პარლამენტის წინა სივრცის რეაბილიტაციას, არამედ გადაუდებელი შემთხვევების დროს სამშენებლო სამუშაოების წარმოებას ითვალისწინებს. პროექტი კი, რომელიც გასულ წელს მერიამ კომპანია „ემ პროექტს“ დაუკვეთა არა რეაბილიტაციას, არამედ შადრევნების ქვეშ სადრენაჟო სისტემის მოწესრიგებას ითვალისწინებს. თბილისის მერიაში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ. მერიაში ამტკიცებენ, რომ პროექტი არსებობს, თუმცა საჯარო არაა. საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებს კი „ფორმულას“ კითხვებზე პასუხის გაცემა არ სურთ.
აქტივისტები, რომლებიც პარლამენტის წინ ბევრჯერ დააკავეს, აცხადებენ, რომ მერია ამ გზით თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას ცდილობს. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ დაუგეგმავი სამუშაოები არჩევნებამდე გაგრძელდება ან იქამდე, სანამ საპროტესტო მუხტი დაიკლეს.
„ფორმულამ“ თბილისის მერიიდან საჯარო ინფორმაცია სარეაბილიტაციო პროექტის შესახებ უკვე გამოითხოვა. საქართველოს კანონმდებლობით მერიამ დოკუმენტი, არსებობის შემთხვევაში 10 დღეში უნდა გაასაჯაროვოს.