
საქართველოს პენცენტრი ჟურნალისტ თამარ ჩიხლაძეს მხარდაჭერას უცხადებს და განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტების კომპეტენციაში უხეშად ერევა.
„ფორმულა“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ანრი ოხანაშვილმა "ტვ პირველის" ჟურნალისტ თამარ ჩიხლაძეს ამორალური და უზნეო უწოდა. უმრავლესობის დეპუტატს დიანა ტრაპაიძესთან უნდა ესაუბრა პოლიტიკური დაპატიმრებების სერიის შესახებ, თუმცა, უხერხული კითხვების თავიდან ასაცილებლად, ოხანაშვილი ჟურნალისტებს დაესხა თავს.
იმ ფონზე, როდესაც ამავე ტელევიზიის (ტვ პირველი) დამფუძნებლებზე, სხვა ოპოზიციური არხების მფლობელებსა და მენეჯერებთან ერთად, არაერთი საქმე "შეკერა" ხელისუფლებამ, დეკადის წინანდელი საქმეები ამოუგდო მედიის მფლობელებს, უმრავლესობის დეპუტატი თავს უფლებას აძლევს და სხვებს (მით უმეტეს, მათ მიერ რეპრესირებული ტელევიზიის ჟურნალისტებს) ამორალურს უწოდებს. ეს კი, მიგვაჩნია, რომ სხვა არაფერია, თუ არა ჟურნალისტების კომპეტენციაში უხეში ჩარევა და მათ მიერ უმართავ მედიაზე პირდაპირი თავდასხმა.
გატირანებული ოლიგარქის ზურგს ამოფარებული უსახელო დეპუტატები ვერ მოინელებენ თავისუფალ მედიას, პირიქით კი - შესაძლებელია.
პენცენტრი სოლიდარობას უცხადებს თავისუფალ მედიას და ჟურნალისტებს, რომელთაც ხელისუფლების პოლიტიკის გამო მძიმე პირობებში უწევთ თავიანთი მოვალეობების შესრულება“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ოხანაშვილმა თამარ ჩიხლაძეს მორალისა და ზნეობის არქონაში დაადანაშაულა.
„მორალი და ზნეობა არის უპირველესი ღირებულება, რაც ადამიანს უნდა გააჩნდეს, რა პროფესიაშიც არ უნდა იყოს და როცა ამ სტანდარტს გადაუხვევთ, იქ ჩივილს აზრი არ აქვს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.