TV პირველის „ღამის ამბების“ ჯგუფი ანრი ოხანაშვილის მიერ ჟურნალისტის თამარ ჩიხლაძის შეურაცხყოფას განცხადებით ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ მსგავსი თავდასხმები არის ტელეკომპანიის აუდიტორიის განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
„ფორმულა“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ბოლო სამი კვირაა ტვ პირველის „ღამის ამბების“ წამყვანს, ჟურნალისტ თამარ ჩიხლაძეს დაუსაბუთებლად ლანძღავენ პირდაპირ ეთერში. ამჯერად პარლამენტარმა ანრი ოხანაშვილმა დიანა ტრაპაიძის ეთერში „უზნეო“ და „ამორალური“ უწოდა თამარ ჩიხლაძეს იმისთვის, რომ მას თავის გადაცემაში მოქალაქე ვახტანგ რობაქიძე ჰყავდა მოწვეული.
შეგახსენებთ, რომ 14 იანვარს, ბაკურიანში, ვახტანგ რობაქიძემ სიტყვიერად შეურაცხყო დეპუტატი ანრი ოხანაშვილი მაშინ, როდესაც ის ოჯახთან ერთად ვახშმობდა. მოგვიანებით კი ვახტანგ რობაქიძე დააკავეს და მას წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით, ძალადობის მუხლით. რობაქიძემ წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგ პოლიციელები ძალადობაში დაადანაშაულა. რობაქიძე „ღამის ამბების“ სტუმარი იყო სწორად ამ განცხადების გამო.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ პროდიუსერთა ჯგუფი რობაქიძის ეთერში მოწვევამდე წინასწარ დავუკავშირდა დეპუტატებს - ანრი ოხანაშვილს, მამუკა მდინარაძეს, რატი იონათამიშვილს და ამავე ეთერში (რომელშიც რობაქიძე სტუმრად იმყოფებოდა) შევთავაზეთ საკუთარი პოზიციის დაფიქისრება, პასუხის გაცემა - ჩვენ თავიდანვე ვვარაუდობდით, რომ 14 იანვარს ბაკურიანში მომხდარ ფაქტს გვერდს ვერ ავუვლიდით. პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ უარყოფენ, რომ პროდიუსერმა ისინი წინასწარ გააფრთხილა ეთერში რობაქიძის სტუმრობის შესახებ.
პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წარმომადგენლის პირობა იყო, რომ ეს სტუმარი საერთოდ არ მოგვეწვია, რადგან ის იყო დამნაშავე. ჩვენ ეს რეკომენდაცია, ცხადია, არ გავითვალისწინეთ - დარწმუნებული ვართ, პოლიციელების მიერ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივი ინტერესის საგანია.
მოგვიანებით, ამ ინციდენტის გამო, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს გადაცემას ბოიკოტი გამოუცხადა. ჩვენ მათ შევთავაზეთ, რომ თუ პრეტენზია ჰქონდათ, უმჯობესი იყო მიემართათ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის“. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ამ განცხადებებს სარედაქციო პოლიტიკის გაკონტროლების მცდელობად და დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმად აღვიქვამდით.
ამასთან, იყო პირობა, რომ თუ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ დაადგენდა ქარტიის პრინციპების დარღვევას, მაშინ ბოდიშს მოვიხდიდით.
ამის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, სხვადასხვა გადაცემაში ჟურნალისტ თამარ ჩიხლაძეზე თავდასხმები ისევ გრძელდება.
ჩვენ ვაცხადებთ, რომ მსგავსი თავდასხმები არის ჩვენი აუდიტორიის განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობა, რომ თითქოს ჩვენ დავარღვიეთ ეთიკური სტანდარტები“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ოხანაშვილმა თამარ ჩიხლაძეს მორალისა და ზნეობის არქონაში დაადანაშაულა.
„მორალი და ზნეობა არის უპირველესი ღირებულება, რაც ადამიანს უნდა გააჩნდეს, რა პროფესიაშიც არ უნდა იყოს და როცა ამ სტანდარტს გადაუხვევთ, იქ ჩივილს აზრი არ აქვს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
ამავე თემაზე: საქართველოს პენცენტრი ჟურნალისტ თამარ ჩიხლაძეს მხარდაჭერას უცხადებს და განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტების კომპეტენციაში უხეშად ერევა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის მიერ ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტის, თამარ ჩიხლაძის მისამართით გამოთქმულ შეურაცხმყოფელ ფრაზებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ხორციელდება ხელისუფლების მიზანმიმართული შეტევა ხელისუფლებისადმი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მატარებელი ტელევიზიის მიმართ.