logo
ENG



20:00 საათისთვის ISFED-მა 199 საჩივარი დაწერა

03 ოქტ 202100:35
3 წუთის საკითხავი
 
20:00 საათისთვის ISFED-მა 199 საჩივარი დაწერა
ვახო ქარელი/ფორმულა

სამართლიანი არჩევნების განცხადებით, 20:00 საათისთვის საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია მათი დამკვირვებლების 104 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში - 95 საჩივარი. 56 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.

ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის პროცესი, ძირითადად, მშვიდ გარემოში, კანონის მოთხოვნების დაცვით მიმდინარებდა. თუმცა, გამოიკვეთა ცალკეული ტენდენციები, რომლებმაც არჩევნების დღის გარემოზე უარყოფითად იმოქმედეს. სამართლიან არჩევნებში აცხადებენ, რომ დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის არაერთი ფაქტი, უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირთა მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა, არასათანადო დოკუმენტაციის საფუძველზე ხმის მიცემის რამდენიმე შემთხვევა და მარკირების გავლისა და შემოწმების პროცედურის დაუცველად ხმის მიცემა.

მათივე თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში, რეგისტრატორებს გამორჩათ ამომრჩეველთა ხელმოწერები. დაფიქსირდა ბიულეტენის გაცემის წესის დარღვევა. გარდა ამისა, სამართლიან არჩევნებში ამბობენ, რომ ხშირი იყო მათი დამკვირვებლებისთვის დაკვირვების უფლების შეზღუდვა, რაც, ძირითადად, გამოიხატებოდა მათთვის მტრული გარემოს შექმნაში. აღნიშნული ფიქსირდებოდა საარჩევნო უბნების გახსნის მომენტიდან და ჰქონდა განგრძობადი ხასიათი.

"გარე დაკვირვების პროცესში გამოვლინდა სატრანსპორტო საშუალებებით ამომრჩეველთა ტრანსპორტირება საარჩევნო უბნამდე. საარჩევნო უბნების ნაწილთან აღინიშნებოდა პარტიის კოორდინატორთა, არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებელთა და/ან დაუდგენელ პირთა შეკრება, რომლებიც უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 100 მეტრის რადიუსში და/ან მის ფარგლებს გარეთ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ჯგუფებად იმყოფებოდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში, იქ მყოფი პირები კომუნიკაციაში შედიოდნენ ამომრჩევლებთან. უბნების ნაწილთან ფიქსირდებოდა ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტები. გამოვლინდა საარჩევნო უბანთან ამომრჩევლებისთვის ფულის გადაცემის შემთხვევები. დაფიქსირდა სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებიც", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში. 


close დახურვა