პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტებმა ქართული ოცნების მიერ წარმოდგენილ 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.
ამნისტიასთან დაკავშირებით კანონპროექტი წარდგენილი ჰქონდა ოპოზიციასაც. შალვა შავგულიძის მიერ შედგენილ კანონპროექტს მმართველმა გუნდმა მხარი არ დაუჭირა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტი , რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი 19 აპრილს მოაწერა, რამდენიმე პუნქტს მოიცავს. ერთ-ერთი კი 20 ივნისის საქმეების ამნისტიას ეხება.
პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტის 2 ვარიანტი დარეგისტრირდა: ხელისუფლების და ოპოზიციის.
ქართული ოცნების მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.
ამნისტია ვრცელდება აგრეთვე 19- 21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ დანაშაულის მომზადებაზე.
ოპოზიციის მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტის თანახმად კი, ამნისტია არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელსაც აღნიშნული ქმედება ჩადენილი აქვს სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის დროს.
კანონპროექტში ასევე ნათქვამია, რომ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე ბრალდებული პირების ამნისტირებისთვის, საჭიროა დაზარალებულის თანხმობა.