logo
ENG



20 ივნისის საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან-მაჩალიკაშვილი:ეს მათი განადგურებაა

16 ოქტ 201908:14
3 წუთის საკითხავი
 
k0uxx8ghzznf5ne.png

სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებული სამი პირი პატიმრობაში დატოვა. საუბარია მორის მაჩალიკაშვილზე, ილია მემარნიშვილისა და გიორგი ქურდოვანიძეზე. დაცვის მხარე პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ადვოკატებმა  სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით 3-დან 5 ათას ლარიანი გირაო შესთავაზეს. თუმცა, მოსამართლე დავით მგელიაშვილმა, შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა.

"სასამართლომ ყოველგვარი ობიექტური დასაბუთების გარეშე პატიმრობაში დატოვა 2 პირი, რომელთა თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, მათი სასამართლო პროცესებზე გამოცხადება, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა,"-განაცხადა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ. 

20 ივნისის საქმეზე დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას გამოეხმაურა მალხაზ მაჩალიკაშვილიც, რომელიც სასამართლო პროცესს ესწრებოდა. მისი განცხადებით, სანამ ქვეყანაში არსებული სასამართლო სისტემა სრულად არ შეიცვლება დამოუკიდებელი სასამართლოთი, ქვეყანას არ ეშველება. 

"სასამართლო არ არის, ეს არის ფიზიკურად და მორალურად ხალხის განადგურება, სხვა არაფერი,"-აცხადებს მაჩალიკაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ მაჩალიკაშვილი, მემარნიშვილი და ქურდოვანიძე 20-21 ივნისს პარლამენტის წინ მომხდარი დარბევის დროს დააკავეს. მათ ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა ედებათ. შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისის ღამეს ანტისაოკუპაციო აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დარბევის დროს 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა. 


close დახურვა