logo
ENG



20 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქური გირაოთი გაათავისუფლეს

08 ოქტ 201914:27
3 წუთის საკითხავი
 
zuvlio1lzbvwfaw.png

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქური გირაოთი გაათავისუფლეს. მას 2000 ლარის გადახდა დაეკისრა.

ლევან ჯიქური, სხვა კიდევ პირთან ერთად, ჯგუფური ძალადობის მუხლით, 17 ივლისს დააკავეს.

„თავს დამნაშავედ არ ვცნობ. არ ვაღიარებ ძალადობას. საერთოდ სასამართლოში გავიცანი ეს ხალხი. რაც კადრებში ჩანს, მარტო იმას ვაღიარებ. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების თქმით, მძიმე და საგანგაშოა. ხელ-ფეხი მაქვს გაჩერებული, ფილტვებზე პრობლემები დამეწყო... 50 დღე ვიშიმშილე, რომ ამ დღისთვის მიმეღწია. ბრალად წამიყენეს ჯგუფური სახელმწიფო გადატრიალება, რაც არ ყოფილა. მე იქ მივედი იმიტომ, რომ ხალხს ესროდნენ ტყვიებს და მინდოდა მათ დავხმარებოდი. ჩემი მეუღლეს თან მახლდა და მასაც კი ასცდა ტყვია. სროლების შეკავებისთვის გამოვიყენე ეს ფარი. სპეცრაზმელი ისროდა,“- განაცხადა ლევან ჯიქურმა.

შეგახსენებთ, რომ 19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელიც აღნიშნულ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო.

20 ივნისს თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციაზე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე, საპარლამენტო არჩევნების 2020 წელს პროპორციული სისტემით ჩატარება მოითხოვეს.

ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი.

 


close დახურვა