20 ივნისის ღამეს აქციაზე მყოფი მოქალაქეების დარბევაში მონაწილე სამართალდამცავების იდენტიფიცირება ამ დრომდე არ მომხდარა. სასამართლო პროცესზე, სადაც „გავრილოვის ღამის“ ინციდენტში მონაწილე პირების ბრალეულობის შესახებ მსჯელობდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტები გამოკითხეს, თუმცა გაირკვა, რომ მათ მასალა, რომელშიც პოლიციელები იყვენენ ასახულები, საერთოდ არ შეუსწავლიათ.
„დღევანდელმა პროცესმა აჩვენა, რომ პროკურატურაში თითქოსდა მიმდინარე გამოძიება, პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაზე არის ბლეფი. შსს-ს ჰაბიტოსკოპიური ექპსერტიზის განყოფილების წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ არცერთი პოლიცილის მიმართ არ უწარმოებიათ კვლევა. შესაბამისად, თადუმაძის განცხადება, რომ იდენტიფიცირება რთულია, არის ტყუილი. არც მიუმართავთ კვლევისთვის, რათა გამოეკვლიათ, რომელმა პოლიციელმა რა დანაშაულებრივი ქმედება განახორციელა“ - აცხადებს დაკავებული „გავრილოვის პატიმრების“ ადვოკატი ბექა ბასილაია.
20 ივნისის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.