logo
ENG



20 ივნისს დაზარალებულები კომპენსაციის კანონპროექტს არ ეთანხმებიან

24 ივნ 202111:36
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/24/vzruzdsjq3g1ubq.jpg

20 ივნისის აქციაზე დაზარალებულები პარლამენტში ოპოზიციური ფრაქციების მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტს ეხმაურებიან, რომელიც გავრილოვის ღამეს დაზარალებულების კომპენსაციას გულისხმობს.

დაზარალებულები კანონპროექტს არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ის მთლიანად ეწინააღმდეგება მათ სამართლებრივ და პოლიტიკური ბრძოლის სულისკვეთებას.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპრექტი წარმოადგენს "ამნისტიის საკითხთან დაკავშირებით მორალური სახის წარუმატებელ პოლიტიკურ მცდელობას".

"ჩვენ, 20 ივნისს დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები 2 წელია ვითხოვთ ჩვენი შელახული უფლებების სამართლებრივ აღდგენას, დაზიანებული ჯანმრთელობის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო გარანტიების მიღებასა და შესაბამისი დამნაშავეების დასჯას. ეს არის ჩვენი მოქალაქეობრივი და ადამიანური პოზიცია.

ჩვენი თვითმიზანი არასდროს ყოფილა კონკრეტული ფინანსური ანაზღაურების მიღება. როგორც სახელმწიფო ძალმომრეობის და უსამართლობის მსხვერპლნი ვალდებულად ვთვლით ჩვენი და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე ბოლომდე ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ 20 ივნისის სისხლიან ღამეზე კონკრეტული სამართლებრივი შედეგი დადგეს, რაც გამოიხატება უკანონო ბრძანების გამცემი საჯარო თანამდებობის პირებისა და ამ ბრძანებების ამსრულებელი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების დასჯით, რადგან საათების მანძილზე დემონსტრანტების გამიზნული დასახიჩრება და დაზიანება, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

კონკრეტული შედეგის დადგომა მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ მომავალში ვერცერთმა მთავრობამ ჩვენ ქვეყანაში ვეღარ გაბედოს გამიზნულად საათების მანძილზე ათეულობით და ასეულობით მოქალაქის დასახიჩრება და დაზიანება. ამ მიზნის მიღწევა კი მოითხოვს 20 ივნისის საქმის კომპლექსურ და სრულფასოვან გამოძიებას, შესაბამისი პირების დასჯას და სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობას დაშავებულთათვის, რომლებიც არა ვინმეს კეთილი ნების, არამედ კანონის ძალით იქნებიან მოსარგებლენი სახელმწიფო რეაბილიტაციის გარანტიების და თუნდაც შესაბამისი ანაზღაურების.

სწორედ ზემოთ ხსენებული მიზეზების გამო იყო მიუღებელი ჩვენთვის მიშელის შეთანხმების ის პუნქტი, რომელიც 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიას ეხებოდა და რომელზედაც ხელმოწერის შემდგომ ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ამნისტიის შედეგად დამდგარი შედეგი დაზარალებულებისთვის ნაკლებად მტკივნეული გახადოს, თუმცა მათ კარგად უნდა ესმოდეთ რომ ამ ორი წლის მანძილზე ოპერაციების, სულიერი და ფიზიკური ტკივილის გადატანის მთავარ მოტივაციას დაშავებულთათვის არა კონკრეტული ფინანსური დახმარების მიღება, არამედ საქმის გამოძიება და სიმართლის დადგენა წარმოადგენდა.

აქედან გამომდინარე, 20 ივნისს დაშავებულთა საინიციატივო ჯგუფი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის კანონპროექტი წარმოადგენს წარუმატებელ პოლიტიკურ მცდელობას ამნისტიის საკითხთან დაკავშირებით მორალური სახის შენარჩუნების და მთლიანად ეწინააღმდეგება დაშავებულების ორ წლიანი სამართლებრივი და პოლიტიკური ბრძოლის სულისკვეთებას", - ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ, 23 ივნისს, ოპოზიციურმა ფრაქციებმა ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის და შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა პარლამენტში 19-21 ივნისის  დაზარალებულთა საკითხზე კანონპროექტი დაარეგისტრირეს.

დეპუტატების თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს: აბსოლუტურად ყველა დაზარალებულის ერთჯერად კომპენსაციას; საპენსიო უზრუნველყოფას იმ დაზარალებულების, რომლებმაც ფიზიკური დაზიანება მიიღეს და სამედიცინო ხარჯების სრულ ანაზღაურებას სიცოცხლის ბოლომდე.

 


close დახურვა