logo
ENG



20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ექიმს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა

26 ნოე 202313:03
3 წუთის საკითხავი
 

20 წლის ფეხბურთელ ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა - გირაო 12 ათას ლარს შეადგენს. ამის შესახებ პროკურორმა გიორგი ნადირაძემ ისაუბრა.

"ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, რასაც ბრალდების მხარე ითხოვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით გვქონდა წარმოდგენილი შესაბამისი არგუმენტაცია იმ საფრთხეების შესახებ, რაც მოცემულ შემთხვევაში არსებობდა. რაც შეეხება დამატებითი ღონისძიების სახით აკრძალვასთან დაკავშირებით, ბრალდების მხარე გაეცნობა დასაბუთების ნაწილს და შემდგომ მიიღებს გადაწყვეტილებას", - განაცხადა გიორგი ნადირაძემ.

24 ნოემბერს პროკურატურამ პაციენტისთვის არასათანადო მკურნალობის გამო რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს ბრალდება წარუდგინა.

COVID-19-ის დიაგნოზით ჩარკვიანი კლინიკაში 2021 წლის 11 აგვისტოს მოხვდა, სადაც სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობა უტარდებოდა.

პროკურატურამ ექიმს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარუდგინა.


close დახურვა