უფლებადამცველი ანა თავხელიძე წერს, რომ 20 წლის ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და ბიზნესმენს წარდგენილ ბრალდებაში გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა - მას განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელის სახით.
საუბარია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 22 სექტემბერს გამოტანილ განაჩენზე, რომლის თანახმადაც, საფეხბურთო კლუბ „ნიკე ლუსოს“ ყოფილ მფლობელსა და პრეზიდენტს, თურქ ბიზნესმენ მეჰმეთ უიარს ფეხბურთელის გაუპატიურების საქმეზე წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელი განაჩენი გამოუტანეს.
2025 წლის საქართველოს ჩემპიონი ქალთა ფეხბურთში, ეროვნული ნაკრების და საფეხბურთო კლუბ „ნიკე ლუსოს” ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, 20 წლის ქალი სასამართლოში ამტკიცებდა, რომ 2025 წლის დეკემბერში გამართული წვეულების შემდეგ კლუბის ყოფილმა პრეზიდენტმა და მფლობელმა გააუპატიურა.
32 წლის მეჰმეთ უიარი 9 თვე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა, იქამდე, ვიდრე თბილისის საქალაქო სასამართლო განაჩენს გამოაცხადებდა.ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობდა და აცხადებდა, რომ არასდროს არავისთან, მათ შორის, არც 20 წლის ფეხბურთელთან სექსუალური კავშირი ძალადობით არ დაუმყარებია.
თურქი ბიზნესმენი საქართველოში არაერთ ბიზნესს ფლობს. საფეხბურთო კლუბი „ნიკე“, რომელიც „ნიკე ლუსო” გახდა - მან 2024 წელს შეიძინა.
