logo

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი: ახალგორში მოსახლეობას ქართულ ენაზე სწავლის უფლება ეზღუდება

14 თებ 202011:45
3 წუთის საკითხავი
clock 0 clock 271
l14aj5c3tuflza1.jpg

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელთ არსებული ინფორმაციით, ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას მშობლიურ ენაზე სწავლის უფლება ეზღუდება.

როგორც DRI-ის მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, ახალგორის პირველი საშუალო სკოლის დირექტორმა გათავისუფლებამდე შენიშვნა მიიღო დაწყებით კლასებში ქართულ ენაზე მოსაუბრე მოსწავლეების და მასწავლებლების გამო. დირექტორი გააფრთხილეს, რომ ბავშვებმა შესვენებაზეც კი არ უნდა ისაუბრონ ქართულად იმ ბავშვებთან, რომელთა კლასებიც ჯერ ისევ ქართულ ენაზე სწავლობენ.

„ფორმულა“ DRI-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საოკუპაციო ძალების პოლიტიკა სულ უფრო ამძიმებს ეთნიკურად ქართული მოსახლეობის ყოფას. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასთან ერთად, ოკუპირებულ რეგიონში მწვავედ დგას მშობლიურ ენაზე სწავლის უფლების შეზღუდვის საკითხი.

უკანასკნელ პერიოდში, ახალგორში ორი ქართული სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლებულთა შორის არიან: ახალგორის პირველი საშუალო სკოლის დირექტორი ნინო ამირანაშვილი და სოფელ იკოთის საშუალო სკოლის დირექტორი მზია ფსუტური.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, ახალგორის პირველი საშუალო სკოლის დირექტორმა გათავისუფლებამდე შენიშვნა მიიღო დაწყებით კლასებში ქართულ ენაზე მოსაუბრე მოსწავლეების და მასწავლებლების გამო. დირექტორი გააფრთხილეს, რომ ბავშვებმა შესვენებაზეც კი არ უნდა ისაუბრონ ქართულად იმ ბავშვებთან, რომელთა კლასებიც ჯერ ისევ ქართულ ენაზე სწავლობენ. კითხვის ნიშნებს ბადებს ამავე პერიოდში მეორე ქართული სკოლის დირექტორის - მზია ფსუტურის გათავისუფლებაც. თუმცა, საოკუპაციო ძალები აღნიშნულ გათავისუფლებებს ნინო ამირანაშვილთან დაკავშირებით წეროვნიდან გადმოსული მოსწავლეების საჭირო დოკუმენტაციის გარეშე გაფორმებას, ხოლო მზია ფსუტურის შემთხვევაში, „პედაგოგიური განათლების უქონლობას“ უკავშირებენ.

ახალგორის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული ენის აკრძალვა, ბოლო წლებში, საგანგაშო სახეს იძენს. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, ცხინვალიდან ახალგორში ჩასულმა ე.წ. საგანმანათლებლო კომისიამ მსგავსი გაფრთხილებები მისცა თითქმის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას. ქართულ ენაზე საუბარი აუკრძალეს მასწავლებლებს და მომსახურე პერსონალს არა მხოლოდ ბავშვებთან, არამედ ერთმანეთთანაც.

ამ პროცესების პარალელურად, დასასრული არ უჩანს ახალგორის იზოლაციისკენ მიმართულ პროცესს. მოსაბრუნის ე.წ. გადასასვლელის ჩაკეტვის შემდეგ, ახალგორის სკოლების რამდენიმე მასწავლებელი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა ვერ მოახერხა, რამაც კიდევ უფრო გაართულა ქართველი მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების დარღვევის შესახებ საკითხი უნდა დააყენოს ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე და უზრუნველყოს აღნიშნული საკითხის განხილვა როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, ისე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. ამასთანავე, გამოიყენოს სამართლებრივი მექანიზმები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა“, - ნათქვამია განცხადებაში.



close დახურვა