სამტრედიაში, მამაკაცის მიერ ცოლის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
მოკლულის ოჯახი ყვება, რომ ქალი წლების განმავლობაში ძალადობის მსხვერპლი იყო, თუმცა მათ ამის შესახებ ერთი თვის წინ გაიგეს და ამის გამო, ქალი ქმრის სახლიდან საცხოვრებლად მამასთან გადავიდა.
იგი მამამ ბათუმიდან განქორწინების მიზნით სამტრედიაში წაიყვანა. განქორწინება დისტანციურად უნდა შემდგარიყო. კერძოდ, შეთანხმების მიხედვით, ქმარი ბათუმის იუსტიციის სახლიდან სკაიპის საშუალებით უნდა ჩართულიყო, თუმცა ის ცოლს დანით შეიარაღებული სამტრედიის იუსტიციის სახლში დახვდა და ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
შემთხვევას ბევრი თვით მხილველი ჰყავს, მათ შორის მოკლული ქალის მამაც. როგორც ის აცხადებს, მისი შვილს ქმარი იმ დროს დაესხა თავს, როდესაც თავად შენობასთან ავტომობილს აპარკინგებდა.
ბრალდებულის მხრიდან მუქარაზე საუბრობს მოკლულის ბებიაც. მისი თქმით, მკვლელობამდე ბრალდებულმა სიმამრს უთხრა, რომ „მისი შვილის თავს ხელში დააჭერინებდა“.
ცოლის მკვლელობაში ბრალდებული კაცი ადგილზე დააკავეს. მკვლელობის ადგილიდან ამოიღეს გასაშლელი დანა, რომლითაც ქალს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. მოკლულსა და მკვლელობაში ბრალდებულს საერთო ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ.
ქალთა მიმართ ძალადობისა და მკვლელობის საქმეებს სწავლობენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. მათი შეფასებით, მიუხედავად იმისა რომ ოჯახში ძალადობის კუთხით საკანონმდებლო კუთხით პოზიტიური ცვლილებებია, მსხვერპლს თავის დაცვის მექანიზმებს სახელმწიფო ვერ სთავაზობს.
მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქმრის მიერ 2 ქალია მოკლული. გასულ კვირას ახალგაზრდა ქალი ქმარმა ყარაჯალაშიც მოკლა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით ქალთა მიმართ ძალადობისა და მკვლელობების სტატისტიკა ბოლო ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაზრდილია. 2009 წელს 8000 მდე შემაკავებელი ორდერია გაცემული.