logo
ENG



შესაძლო სანქციების პარალელურად, ევროპარლამენტში საქართველოს მისამართით კრიტიკა სულ უფრო იზრდება

19 თებ 202020:10
3 წუთის საკითხავი
 

კონგრესმენებისა და სენატორების უმწვავესი განცხადებების შემდეგ საქართველოში არსებული პოლიტიკური ჩიხის შესახებ განცხადებას სახელმწიფო დეპარტამენტი ამზადებს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელი თბილისში საგანგებო მისიით იმყოფება და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური დევნისა და ჩაგდებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ადგილზე სწავლობს.

არ არის გამორიცხული სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ბიძინა ივანიშვილის მმართველობის საპასუხოდ სანქციებიც მოჰყვეს. ამერიკელ დიპლომატთან, სენატორის წარმომადგენელ კრისტოფერ სოჩასთან გამართული შეხვედრიდან გამოსული პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის პერსპექტივა უაღრესად დაამძიმა. სოჩა საქართველოში ბოლოს 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების წინ იმყოფებოდა.

ამერიკიდან მოსალოდნელი კრიტიკული განცხადებისა და შესაძლო სანქციების პარალელურად, საქართველოს მისამართით კრიტიკა სულ უფრო იზრდება ევროპარლამენტში. არასამთავრობო სექტორთან შეხვედრისას, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოსთან ევროკავშირის თანამშრომლობის გადახედვა და ქვეყნისთვის სანქციების დაწესება არ გამორიცხა, თუკი ქვეყანაში პოლიტიკური დევნა გაგრძელდება და 2020 წელს სამართლიან არჩევნების ჩატარება საფრთხის ქვეშ დადგება. კუბილიუსის თქმით, პროგრამა მეტი მეტისთვის, შესაძლოა ნაკლები ნაკლებისთვის შეიცვალოს.

სანქციებს, რეზოლუციასა და სახელმწიფო დეპარტამენტის მწვავე განცხადებას პროგნოზირებენ ექსპერტებიც. მათი შეფასებით,დემოკრატიული ინსტიტუტების შესანარჩუნებლად  დასავლეთი საქართველოს წინააღმდეგ ბერკეტებს აამოქმედებს.

მმართველი ძალა კი ისევ ამტკიცებს, რომ ამერიკელი სენატორები, კონგრესმენები და ევროპარლამენტარები საკმარისად ინფორმირებულები არ არიან. გია ვოლსკის განცხადებით, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ოპოზიციას განცხადებების გავლენის ქვეშაა.

დასავლეთიდან მომდინარე კრიტიკა სავარაუდოდ მარტში კიდევ უფრო გაძლიერდება. ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე რეზოლუციას, ამერიკის შეერთებულ შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში კი განცხადებას ამზადებენ. 


close დახურვა