logo
ENG



21 NGO: დასავლელ პარტნიორებზე ოცნების თავდასხმები შემაშფოთებელი ტენდენციის სახეს იღებს

17 ნოე 202113:32
3 წუთის საკითხავი
 
21 NGO: დასავლელ პარტნიორებზე ოცნების თავდასხმები შემაშფოთებელი ტენდენციის სახეს იღებს

21 არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება დასავლელი პარტნიორებისა და მეგობრების დისკრედიტაციას ემსახურება.

13 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ გამოაქვეყნა წერილი, სადაც "კრიმინალების მფარველს" უწოდებდა საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილისადმი მოპყრობის კუთხით საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ რომ ნაცვლად იმისა, რომ ობიექტური კრიტიკა გაიზიაროს და სხვადასხვა მიმართულებით სიტუაციის გაუმჯობესებისკენ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, ხელისუფლება ბოლო დროს, სულ უფრო კამპანიურ ფორმას აძლევს ჩვენს დასავლელ მეგობრებზე თავდასხმებს.

"ცალკეული ჯგუფები და ლიდერები არც შეურაცხმყოფელ ტონს ერიდებიან და ხშირად, ადანაშაულებენ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში მათ, ვის პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერაზეც საქართველოს სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული. ასეთი რიტორიკით, ქვეყანას, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა განვითარების დასავლურ ვექტორს უჭერს მხარს, სულ უფრო მეტი ზიანი ადგება. ამას ემატება საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან რეფორმებსა და დასავლეთის ფინანსურ დახმარებებზე საჯაროდ უარის თქმა", - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

მათივე თქმით, ხელისუფლების დაპირისპირება დასავლელ პარტნიორებთან ტენდენციის ფორმას იღებს:

"როგორც ჩანს, მმართველი პარტია არ აპირებს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების წარმართვას და ამისთვის მზადაა დასავლეთის სახელმწიფოებთან და პოლიტიკოსებთან ურთიერთობაც გაიფუჭოს, ქვეყანას კი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სერიოზული პრობლემები შეუქმნას.

Საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნება იყო და არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია. ვფიქრობთ, საქართველოს ხელისუფლება მსგავსი ქმედებებით და განცხადებებით სულ უფრო გვაშორებს ჩვენს ისტორიულ არჩევანს".

ხელმომწერები:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
  • ევროპის ფონდი
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  • მედიის განვითარების ფონდი
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  • საზოგადოება და ბანკები
  • საქართველოს გაეროს ასოციაცია
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • უფლებები საქართველო
  • საფარი
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი

close დახურვა