პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა და ახალი რეკომენდაციები გასცა.
საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა, ხოლო ამ დრომდე ინფიცირებული სამი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მათ რაიმე გართულება არ აღენიშნებათ. ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე კარანტინში 120 ადამიანი იმყოფება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოებს ჩაატარებენ სახელმწიფო უწყებები, რომლებიც მოსახლეობას აწვდიან სახელმწიფო სერვისებს, ასევე, დეზინფექცია ჩატარდება „საქართველოს რკინიგზაზე" მატარებლებსა და სადგურებში.
ამასთან, სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მეზობელ ქვეყნებთან აქტიურად მუშაობს ირანიდან მომავალი საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შემოყვანისთვის, რომლებიც ამ დროისთვის სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვართან იმყოფებიან. მათი ტრანსპორტირება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლის შესაბამისად განხორციელდება.
„როგორც სხდომაზე აღინიშნა, საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, რეგიონებში გუბერნატორების ხელმძღვანელობით შექმნილია დროებითი სამუშაო ჯგუფები, რომელშიც მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, რესურსცენტრების და არასამეწარმეო იურიდიული პირების (აიპ) ხელმძღვანელები შედიან. გუბერნატორები კი, თავისმხრივ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ყოველდღიურ რეჟიმში სრულ ინფორმაციას აწვდიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველს რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებში სოზარ სუბარს.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით, სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს, ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს და მთავრობა სრულად მართავს პროცესს“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.