ახალი კორონავირუსის დიაგნოსტიკისა თუ პირველადი მკურნალობის მთავარი ადგილი, რომელიც მედიისთვისაც მოვლენათა ეპიცენტრად იქცა, მსოფლიო გამოწვევას საკუთარი შენობის გარეშე ებრძვის. ინფექციური კლინიკა, რომელსაც სტრატეგიული ობიექტის სტატუსი აქვს, სახურავის, თანამედროვე ინფრასტრუქტურის გარეშეა და მიუხედავად პრიორიტეტად გამოცხადებისა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 8 წელია, ვერ მოახერხა, ინფექციურისთვის შენობა მიეცა.
თანხაც არაერთხელ გამოიყო და მოიძებნა ინვესტორიც, ბოლო პერიოდში ჯანდაცვის მინისტრსა და საპარტნიორო ფონდს შორის დაპირისპირების საგნადაც იქცა, მაგრამ შედეგი უცვლელია - კვალიფიციურ მედპერსონალს თანამედროვე შენობით წლის ბოლომდე ვერ უზრუნველყოფენ.
თავად ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელობა დაწესებულებაში სავალალო პირობების არსებობას აღიარებს, ჟურნალისტებთან წუხს ჯანმრთელობის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკოც. კონკრეტულად კი ვერავინ ხსნის, რატომ ვერ მოხმარდა პაციენტების ჯანმრთელობას გამოყოფილი მილიონობით ლარი.