მმართველ გუნდში, ევროპარლამენტარების მიერ გამოგზავნილ კიდევ ერთ კრიტიკულ წერილთან დაკავშირებით შეფასებების გაკეთებას ერიდებიან. მოტივი კი ისაა, რომ მათ წერილი არ უნახავთ.
„როდესაც წერილი ჯერ არ არის ავტორების მხრიდან გასაჯაროებული მის შინაარსზე საუბარი უხერხულია. არ არის პრობლემა ჩვენთვის, რომ ნებისმიერ წერილზე გავაკეთოთ კომენტარები, მოვახდინოთ მათი შეფასება, თუმცა ცხადია, ჩვენ შინაარსს უნდა ვიყოთ გაცნობილი. მე არ ვიცი თქვენ ვინ მოგაწოდათ ეს წერილი“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა.
რაც შეეხება მისი თანაგუნდელის, დავით მათიკაშვილის პოზიციას, ის ამბობს, რომ ყველა საკითხი, ევროპელ პარტნიორებს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და ყველა ის საკითხი, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, მოხსნილია.
„წერილის შინაარსი ჩვენთვის უცნობია, რადგან ჩვენ არ მიგვიღია ასეთი წერილი. მეორე მხრივ, საინტერესოა, საიდან გახდა ცნობილი მისი შინაარსი. ცხადია, რომ შესაბამისი ვიზიტებით, ინფორმაციის გაცნობით, უკეთ მოხდა არსებული რეალობის დანახვა ევროპელი პარტნიორების მხრიდან და ყველა ის საკითხი, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, მოიხსნა. მათ დაინახეს რეალურად ის მოვლენები, რომელიც საქართველოში ვითარდება“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას სახელზე, ევროპარლამენტარებმა წერილი გამოგზავნეს, სადაც კიდევ ერთხელ გაკრიტიკებულია ძალის გადამეტება მშვიდობიანი მომიტინგეების დასაშლელად, პოლიტიკური ოპონენტების დევნა და შეუსრულებელი დაპირებები. ამ წერილის შინაარსი „ფორმულასთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.