ახალ ზელანდიაში შარშანდელი ტერაქტის წლისთავს აღნიშნავენ, რომელსაც 51 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია ქალაქ ქრაისთ-ჩერჩის ორ მეჩეთში გაიმართა. ლოცვებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და თვითმხილველები დაესწრნენ.
ზუსტად ერთი წლის წინ, რამდენიმე წუთიანი ინტერვალით, მუსლიმთა სალოცავებში 28 წლის ავსტრალიელი შეიჭრა და მორწმუნეებს ცეცხლი გაუხსნა. 51 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, 40 ზე მეტი კი მძიმედ დაიჭრა. გამოძიებამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. თავდამსხმელი დაკავებულია და სასამართლო მას განაჩენს ივნისში გამოუტანს.