უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა. კოვიდ-19-ით 71 წლის ქალი გარდაიცვალა. სავარაუდოდ ის პოლონეთში იმყოფებოდა. სპეციალისტები მისი ოჯახის წევრებს ანალიზს უტარებენ. ასობით უკრაინელი ამჟამად სამშობლოში დაბრუნებას იტალია-სლოვენიის საზღვარზე ელის. მათ მესაზღვრეები საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ
მოსკოვში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს კორონავირუსის 11 ახალ შემთხვევას. ამ დროისთვის ქვეყანაში 45 დაინფიცირებულს მკურნალობენ. კრემლის პრესსამსახურმა ჟურნალისტებს მოუწოდა, გაციების სიმპტომების შემთხვევაში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე არ მივიდნენ. კორონავირუსის პირველი ორი შემთხვევა დღეს ყაზახეთშიც დადასტურდა.
ესპანეთში კი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. კოვიდ 19-ს 120 ადამიანი ემსხვერპლა. დადასტურდა ვირუსის 4 ათას 200 ზე მეტი შემთხვევა. ესპანეთის 4 ქალაქში კარანტინია გამოცხადებული და შესასვლელებს პოლიცია აკონტროლებს.
ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. იკრძალება მასობრივი შეკრებებიც. იტალიას, სადაც კოვიდ-19-ით უკვე 1016 ადამიანი დაიღუპა, ეპიდემიასთან ბრძოლაში ჩინეთი დაეხმარება. ჩინელი მედიკოსების ჯგუფი რომში ჩავიდა და დახმარების სახით სპეცაღჭურვილობა ჩაიტანა.
კორონავირუსით დაინფიცირების რიცხვი გაიზარდა დიდ ბრიტანეთშიც. გუშინ 950 იყო, დღეს კი პაციენტების რიცხვი 798-ია. 41-მდეა გაზრდილი მსხვერპლი შეერთებულ შტატებში, სადაც პრეზიდენტს სპეციალისტები კორონავირუსზე ტესტის ჩატარებას ურჩევენ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბრაზილიის პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონაროს, რომელსაც ის გასულ კვირას შეხვდა ვირუსი დაუდასტურდა. თავად დონალდ ტრამპის გარემოცვის წევრებიც აცხადებენ, რომ დაინფიცირებულებთან კონტაქტის გამო თავად პრეზიდენტიც ღელავს.
სახლიდან უხდება მოვალეობის შესრულება კანადის პრემიერ მინისტრსაც. ჯასტინ ტრუდო 14 დღიან თვითიზოლაციაშია, რადგან მის მეუღლეს კოვიდ-19-ის დიაგნოზი დაუსვეს. დადებითია ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრის და ესპანელი პოლიტიკოსის, პარტია ვოქსის ლიდერის ანალიზის პასუხიც. ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კი გამოჯანმრთელდა და დღეს მოსახლეობასაც მიმართა. ირანში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 500-ს გადააჭარბა.
კორონავირუსის პანდემიის გამო უეფამ საფეხბურთო მატჩები გადადო. მომავალ კვირას აღარ გაიმართება ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის არცერთი შეხვედრა. 4 აპრილამდე შეაჩერა თამაშები ინგლისის პრემიერ-ლიგამაც. კლუბ ჩელსიში კარანტინი გამოცხადდა, რადგან მის ფეხბურთელს კალუმ ჰადსონ ოდოის ვირუსი დაუდასტურდა. ორკვირიან იზოლაციაში არიან ლესტერისა და მანჩესტერის ფეხბურთელებიც.
საფეხბურთო სეზონი შეაჩერეს საფრანგეთმა, ნიდერლანდებმა და იტალიამ. პანდემია უარყოფითად აისახა ტურიზმზე.
მსოფლიო მასშტაბით დახურულია მუზეუმები და ღირსშესანიშნაობები: მათ შორის ბარსელონის საგრადა ფამილია, კალიფორნიის დისნეილენდი და ბროდვეის თეატრი. ჩაიშალა დაგეგმილი კინოპრემიერებიც. „ფორსაჟის“ რიგით მეცხრე სერიის ეკრანებზე გამოსვლის თარიღმა გაურკვეველი დროით გადაიწია.