პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ვირუსით ინფიცირებული პაციენტების შესახებ მიიღო ინფორმაცია. ასევე საუბარი იყო კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტების საკითხზე.
„პრემიერ-მინისტრმა მოისმინა ინფორმაცია, თუ რა ვითარებაა კორონავირუსის თვალსაზრისით. ასევე მოისმინა ინფორმაცია იმის თაობაზე თუ რა დამატებითი სიმძლავრეები იქნა მოძიებული ჯანდაცვის სისტემაში იმისათვის, რომ მზად დავხვდეთ შესაძლო გართულებებს. დღეისათვის როგორც იცით დადასტურებულმა რაოდენობამ შეადგინა 38 ადამიანი. მათი უმეტესობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა. პრემიერ-მინისტრმა ასევე მიიღო ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრისგან, თუ რა ვითარებაა სწრაფი ტესტის თვალსაზრისით და ასევე დამატებითი ტესტირების გაზრდის შესაძლებლობები ქვეყანაში“, - განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.
მან ასევე მედიის წარმომადგენლებს მიმართა, რომ ბრიფინგები განსხვავებულად ჩატარდება. კერძოდ, მედიასაშუალებები სიგნალს საზოგადოებრივი მაუწყებლისგან მიიღებენ. გარდა ამისა, ჩიქოვანის თქმით, მედიასთან კომუნიკაციისთვის სპეციალური პლატფორმა შეიქმნება.
„გითხრათ, იმისათვის, რომ უზრუნველყოთ თქვენი დაცულობა, მთავრობის ადმინისტრაცია გადადის განსხვავებულ რეჟიმზე ბრიფინგებისა. მინდა მადლობა გადავუხადო პირველ არხს, რომელმაც მოგვცა საშუალება, რომ თითოეულ მაუწყებელს ჰქონდეს საშუალება მიიღოს საერთო სიგნალი, რომლითაც თქვენ შეძლებთ ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიღებას და გავრცელების. ასევე გექნებათ საშუალება ჩვენს ადმინისტრაციას მოაწოდოთ წინასწარ შეკითხვები და ჩვენ გაგცემთ პასუხს. ოპერატიულ რეჟიმში შეიქმნება სპეციალური საკომუნიკაციო პლატფორმა“, - განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.
უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრაზე ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. დღის განმავლობაში კომისია ეკონომიკურ ჯგუფთან, შემდეგ კი, სამართალდამცავ უწყებებთან გამართავს შეხვედრებს.
შეგახსენებთ, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 38 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 1130 მოქალაქეა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 81.