logo
ENG



პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტი საგანგებო მდგომარეობის შესახებ არაკონსტიტუციურია - ექსპერტები

22 მარ 202014:34
3 წუთის საკითხავი
 

ექსპერტები ამბობენ, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტი საგანგებო მდგომარეობის შესახებ არაკონსტიტუციურია. მათი აზრით, ხელისუფლებას უკანონოდ ეზრდება უფლებამოსილებები და არის საფრთხე, რომ ეს უფლებები არასწორად გამოიყენონ.

„ფორმალურად გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა - არც სახელისუფლებო ორგანოები იყვნენ მოკლებული შესაძლებლობას, ემუშავათ. მათ რაიმე დამატებითი არ მიიღეს ამის - მათ ეს უფლებები ისედაც ჰქონდათ, ეს ფარგლები დეკრეტის არის არასაკმარისი. გარკვეული ნაწილი მოსახლეობისა მაინც აგრძელებს შეკრებებს - ბუნებრივია, ამ დოზით ამ აკრძალვების გატარების გარეშე შეეძლო მთავრობას ემოქმედა", - ამბობს ლევან ბოძაშვილი.

კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი კი აცხადებს, რომ დეკრეტი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რადგან უფლებების შეზღუდვის დელეგირებას ახდენს მთავრობა - ეს კი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

​„პრობლემები არის ის, რომ დეკრეტით უფლებათა შეზღუდვის ზომები არის დელეგირებული მთავრობისთვის და ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ასევე, ეწინააღმდეგება ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. დეკრეტი გადის საპარლამენტო კონტროლს - ამიტომაა დაშვებული, რომ მისით შეიზღუდოს რაიმე უფლებები. დაუშვებელია, რომ უფლებების შეზღუდვის დელეგირება კონტროლის გარეშე ჰქონდეს მთავრობას" , - აცხადებს დავით ზედელაშვილი.

დეკრეტით იმედგაცრუებულია გიორგი მშვენიერაძეც - მისი თქმით, დეკრეტი, საბოლოო ჯამში, ვერ არეგულირებს რიგ ასპექტებს.

„ჩემთვის იმედგამაცრუებელი აღმოჩნდა. მეგონა, მთავრობას უფრო ვრცელი დოკუმენტი ექნებოდა  შეთანხმებული პრეზიდენტთან, ამისთვის მათ დრო ჰქონდათ. საკმაოდ ბევრი თავისუფლება მისცა დეკრეტმა მთავრობას ისე, რომ საკანონმდებლო ორგანო ვერ შეძლებს ეფექტიანი კონტროლს. დეკრეტი ვერ უმკლავდება გარკვეულ ასპექტებსაც, მაგალითად, შეკრების ნაწილს", - აცხადებს გიორგი მშვენიერაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დეკრეტი გუშინ, 21 მარტს გამოიცა. ეს მდგომარეობა ქვეყანაში 21 აპრილამდე გასტანს.


close დახურვა