23 აპრილს წიგნის ჩუქების დღე განსხვავებულად აღინიშნება. როგორც ეროვნული ბიბლოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე აცხადებს, აქციაში ჩართვის მსურველს Facebook გვერდზე შეუძლია მონიშნოს მეგობარი, დადოს სასაჩუქრედ გამზადებული წიგნის ფოტო სლოგანით #აჩუქეწიგნი. პანდემიის დასრულების შემდეგ კი წიგნი გადაეცემა ადრესატს.
„#აჩუქეწიგნი ალბათ, გახსოვთ საყოველთაო გამოწვევა, რომელიც ერთი წლის წინ, 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღეს, დავაწესეთ და ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთო. ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე გთავაზობთ, ერთი მხრივ არ დავივიწყოთ ეს ინიციატივა, ნუ გავწყვეტთ ახალ ტრადიციას და ირიბი ფორმით შევახსენოთ ერთმანეთს ეს დღე. დღეს, საღამოს 18 საათზე, განვათავსებ პოსტს და იმედი მაქვს, ვიაქტიურებთ. ასევე, 23-ში, შეგიძლიათ, გამოაქვეყნოთ წიგნის გარეკანი, რომლის ჩუქებასაც მეგობრისთვის აპირებთ მას შემდეგ, რაც კორონა წავა. დანარჩენს ვიდეოდან შეიტყობთ“ - აცხადებს გიორგი კეკელიძე.
2019 წელს, გიორგი კეკელიძის, მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსისა“ და „ანაგრამას“ ინიციატივით, 23 აპრილი, წიგნის საერთაშორისო დღე, წიგნის ჩუქების დღედ გამოცხადდა.