logo
ENG



სუბარი: მეჩეთებში ლოცვა პრაქტიკულად შეწყვეტილია, ეკლესიების უმრავლესობაში დისტანცია დაცული იყო

25 მარ 202013:54
3 წუთის საკითხავი
 

„ეკლესიების აბსოლუტურ უმრავლესობაში დისტანცია დაცული იყო, დარღვევები მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში დაფიქსირდა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა მთავრობის  ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ლოცვა შეწყვეტილია ქვემო ქართლში არსებულ მეჩეთებში და ზოგადად, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელი სასულიერო პირები პრობლემას სრულად აცნობიერებენ.

„ქვემო ქართლში, მეჩეთებში ლოცვა არის შეწყვეტილი და მოუწოდებენ მორწმუნეებს, რომ ლოცვები სახლში შეასრულონ. ძალიან ბევრი საუბარი იყო წინა კვირას, დაცული იყო თუ არა ეკლესიებში უსაფრთხოების ზომები. მოგეხსენებათ, დიდი მარხვაა და ეკლესიებში მორწმუნეები დიდი რაოდენობით მიდიან. ყველა გუბერნატორთან ვიყავი კონტაქტზე, თუ რა ხდებოდა და მინდა გითხრათ, რომ ეკლესიების აბსოლუტურ უმრავლესობაში დაცული იყო დისტანცია, ადამიანები იდგნენ ეკლესიის გარეთ. იყო რამდენიმე ეკლესია, სადაც იყო დარღვეული რეკომენდაციები, მაგრამ ჩვენ გავაკეთოთ აქცენტი, რომ კონკრეტულად ეკლესიაში მორწმუნეები არ არღვევენ... ვუსმენდი ბატონ პაატა იმნაძეს და მართლაც გაცილებით მეტი საფრთხე შეიძლება შეიქმნას ლისის და კუს ტბაზე მოსეირნე ადამიანებისგან, რომელთაც შეიძლება არ დაიცვან დისტანცირება, სადაც გაცილებით მეტი ადამიანია, ვიდრე ათეულობით ეკლესიაში ერთად. სასულიერო პირებთან, როგორც მართლმადიდებლური ეკლესიის, ისე კათოლიკური, მუსლიმური თუ სომხური თემის ხელმძღვანელებთან მუდმივად გვაქვს კონტაქტი და მათ ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული პრობლემა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. 


close დახურვა