არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მრავალფეროვნებისა და რელიგიის საკითხებზე მუშაობენ აცხადებენ, რომ კორონავირუსის პრევენციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. ისინი მთავრობას მოუწოდებენ, რომ საგანგებო რეჟიმის დროს მიღებული წესები გავრცელდეს რელიგიურ რიტუალებზეც.
მათივე განცხადებით ხელისუფლების პასიურობით ეკლესია პრივილეგირებულ მდგომარეობაშია.
„ეკლესია რასაც აკეთებს, ეს არის დემონსტრირება იმისა, რომ მას არ აინტერესებს არც საერო კანონმდებლობა, არც სახელმწიფო და მისი ინტერესები. ის თავის თავს აყენებს ყველაფერზე მაღლა. სახელმწიფო ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, რომ აღასრულოს კანონი ყველასთვის თანასწორად. თუ თვალს გავუსწორებთ, ხვალ და ზეგ შეიძლება მართლა დიდი საფრთხის წინაშე აღმოვჩნდეთ. საფრთხე კი არამარტო ჩვენს სახელმწიფოს და მოქალაქეებს, არამედ გამოუსწორებელ დაღს დაასვამს თავად ეკლესიის ავტორიტეტსაც და ჩირქს მოსცხებს მის რეპუტაციას, რომელსაც ასე უფრთხილდებიან“, - განაცხადა „საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა გიორგი მშვენიერაძემ.