როგორი შეიძლება იყოს უკონტროლო გავრცელების მძიმე შედეგები საქართველოსთვის - ექსპერტული პროგნოზი, რომელიც ფონდმა „კურაციომ“ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიმუშავა და საქართველოს მთავრობას მიაწოდა, ექსკლუზიურად „გიორგი თარგამაძის ფორმულას“ მეშვეობით გახდა ცნობილი.
სოციალური დისტანციის დაცვის გარეშე ქვეყანაში პიკურ კვირას გავრცელებამ 6000 ათასს, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი, შესაძლოა, 600-ს მიაღწიოს. ჯანდაცვის სისტემის მზაობა სულ უფრო აქტუალური საკითხი ხდება იმ ფონზეც, რომ ჯერ კიდევ ისიც უცნობია, როდის ან ვისგან შემოიტანს მთავრობა სწრაფ ტესტებს.
ოფიციალური ინფორმაციით, ეპიდემიის პირობებში ქვეყანაში სულ 2000 საწოლია, მათგან 500 კრიტიკული პაციენტებისთვის. სპეციალისტების შეფასებით, რაოდენობა ამ ეტაპზე საკმარისია, თუმცა კლინიკების დიდი ნაწილი სათანადოდ აღჭურვილი არაა, პრევენციული ზომების გატარება კი ქვეყანაში დაგვიანებით დაიწყო.
დღეს პრემიერ-მინისტრმა საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი გამოაცხადა. კარანტინი ხვალ დილის რვა საათიდან აითვლება, ხოლო კომენდანტის საათი საღამოს ცხრა საათიდან დილის ექვს საათამდე იმოქმედებს.
ქვეყანაში ამ ეტაპზე კორონავირუსის ასი დადასტურებული შემთხვევაა - აქედან 18 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.