logo
ENG



ბუწაშვილი ახალ პროტოკოლზე:ვისაც აქვს მსუბუქი სიმპტომები, ან უსიმპტომოა, მისაღებია მათი ბინაზე მკურნალობა

01 აპრ 202012:11
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობისა და გამოვლენის ახალი პროტოკოლი შეიმუშავეს, რაც ითვალისწინებს შემდეგ პირობებს:

მოსახლეობის სამი წრე გაკეთდება - პირველია მოგზაურობის მქონე ადამიანები, მეორე კატეგორია იქნება ინფიცირებულებთან შეხებაში მყოფი ადამიანები და მესამე იქნებიან სიმპტომების მქონე ის პაციენტები, ვისაც შეხება არავისთან ჰქონია.

რაც შეეხება მკურნალობას - როგორც ცნობილი გახდა, საქართველოს მასშტაბით 25 ცხელების კლინიკა იქნება, თუმცა საწოლების არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაციას დაექვემდებარებიან მხოლოდ მძიმე პაციენტები.

ახალ პროტოკოლს დადებითად აფასებენ ექიმები. მათი თქმით, მსგავსი მიდგომა მისაღებია და უფრო ეფექტური იქნება. ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის აზრით, მსუბუქად მიმდინარე ავადობის მკურნალობა შესაძლებელია ბინაზეც.

„სიმპტომების მქონე და ორგანიზებულ ჯგუფებზე ჩატარდება. ფუფუნებაა, ყველა მოხვდეს სტაციონარში, ვისაც დაუდასტურდება - ვისაც აქვს მსუბუქი სიმპტომები ან უსიმპტომოა, მისაღებია მათი ბინაზე მკურნალობა", - ამბობს მაია ბუწაშვილი.

ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი, რევაზ მეჭურჭლიშვილი იმედოვნებს, რომ საწოლების რაოდენობა საკმარისი იქნება. თუმცა, მისივე თქმით, პაციენტების რადიკალური ზრდის შემთხვევაში, მისაღები მიდგომაა მხოლოდ მძიმედ მიმდინარე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია.

„მოგზაურობის ისტორიაზე მარტო ვეღარ ვიქნებით დამოკიდებულები, ამიტომ გაფართოვდა კვლევის არეალი. რაც შეეხება საწოლებს, შეიძლება ამოიწუროს - რამდენიმე ათასია, მაგრამ იმედია, არ ამოიწურება. მაგრამ თუკი ამოიწურება, ვისარგებლებთ სხვა ქვეყნების მაგალითით - მხოლოდ მძიმედ მიმდინარე პაციენტები მოთავსდებიან კლინიკაში", - ამბობს რევაზ მეჭურჭლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისათვის ვირუსით ინფიცირების 115 შემთხვევაა, აქედან 22 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 

ქვეყანაში 21 მარტიდან მომქედებს საგანგებო რეჟიმი, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი და კომენდანტის საათი.

 


close დახურვა