არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ განცხადებას აქვეყნებს და მიიჩნევს, რომ 30 მარტს გამოცემა ZDnet-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს ამომრჩეველთა სიის გამოქვეყნების შესახებ არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს.
„ფორმულა“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„გამოცემის ინფორმაციით, შაბათს, 28 მარტს, ერთ-ერთ ჰაკერულ ფორუმზე გამოქვეყნდა საქართველოს 4,934,863 მოქალაქის ბაზა, რომელიც შეიცავს - მოქალაქეთა სრულ სახელს, მისამართს, დაბადების თარიღს, პირად ნომერს, ტელეფონის ნომერს და სხვა მონაცემებს. ინფორმაციის თანახმად, გავრცელებული სია გარდაცვლილი პირების მონაცემებსაც შეიცავდა. სტატიის ავტორი იუწყება, რომ მომხმარებელი, რომელმაც აღნიშნული ბაზა გაავრცელა წყაროდ მიუთითებდა საქართველოს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ოფიციალურ პორტალს (voters.cec.gov.ge), სადაც ამომრჩეველს შესაძლებლობა აქვს საკუთარი თავი და მის მისამართზე რეგისტრირებული ამომრჩევლების შესახებ ინფორმაცია გადაამოწმოს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში ჩატარებულ არჩევნებზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩეველთა საშუალო რაოდენობა 3.5 მილიონს არ აღემატებოდა და ყველაზე მეტი 2012 წლის არჩევნებზე - 3,613,851 ამომრჩეველი იყო. ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2012-2018 წლებში გარდაცვლილი მოსახლეობის საშუალო რაოდენობა წელიწადში 48,757 ადამიანს შეადგენდა (ჯამში, 2012-2018 წლებში - 341,296). ამდენად, ნაკლებად სარწმუნოა, რომ სავარაუდოდ გავრცელებული მონაცემთა ბაზა ამომრჩეველთა სიას წარმოადგენდეს.
სტატიას თან ახლავს მონაცემთა ბაზის ე.წ. „სქრინი“, რომელში მოცემული მონაცემებიც ასევე განსხვავებულია ცესკოს ამომრჩეველთა ერთიანი სიისგან როგორც ფორმატით, ასევე დამუშავებული მონაცემებით. აღსანიშნავია, რომ ცესკო არ ამუშავებს ამომრჩეველთა ტელეფონის ნომრებს ან საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ნომრებს, რაც კიდევ უფრო საეჭვოს ხდის, რომ გაჟონილი მონაცემთა ბაზა ამომრჩეველთა სიას წარმოადგენს.
მიუხედავად ამისა, შემაშფოთებელია ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეთა პირადი მონაცემების სავარაუდო გავრცელების შესახებ. თუ გაჟონილი პერსონალური მონაცემები ამდენად ყოვლისმომცველი იყო, შესაძლოა გავრცელებული მონაცემთა ბაზა წარმოადგენდეს რომელიმე სხვა საჯარო უწყებაში დაცულ ინფორმაციას, ან შედეგენილი იყოს პერსონალური ინფორმაციის შემცველი რამდენიმე სხვადასხვა მონაცემთა ბაზის დამუშავების შედეგად.
2020 საპარლამენტო არჩევნებამდე 7 თვით ადრე ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების მასობრივი გამჟღავნების შესახებ ინფორმაცია, შესაძლოა, მიმართული იყოს ამომრჩეველთა სიისა და საარჩევნო პროცესისადმი სანდოობის შერყევისაკენ.
ამდენად, მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების მასშტაბურად გავრცელების შესაძლო ფაქტზე დროული და სრულყოფილი გამოძიება, რათა დადგინდეს ნამდვილად ჰქონდა თუ არა მსგავს ფაქტს ადგილი, შეიცავს თუ არა გასაჯაროვებული ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეთა რეალურ მონაცემებს, რომელი მონაცემთა ბაზები გასაჯაროვდა, რა გზით მოხდა მათზე წვდომის მოპოვება და ვის მიერ“, - ნათქვამია განცხადებაში.
28 მარტს ერთ-ერთ ჰაკერულ ფორუმზე ქართველი ამომრჩევლების სია გამოქვეყნდა, რომელთა შორის გარდაცვლილებიც არიან, - ამის შესახებ ინფორმაციას zdnet ავრცელებს. სიაში 4.9 მილიონზე მეტი ადამიანია შეყვანილი.