logo
ENG



24 ივნისს ეს ამბები არ უნდა გამოგრჩეს

24 ივნ 202009:07
3 წუთის საკითხავი
clock 2489
gh6pli4ejkk5prd.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 24 ივნისის მნიშვნელოვან მოვლენებს

 

ახალი მოწმე შაქარაშვილის საქმეში

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ახალი მოწმე გამოჩნდა. ამის შესახებ „ფორმულანიუსს“ შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განუცხადა. ეს ადამიანი ფოტოგრაფია, რომელიც საღამოზე იყო დაქირავებული.

ფეხბურთელის ბიძის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია დაკითხა თუ არა საგამოძიებო უწყებამ აღნიშნული პირი. მირიან ნიკოლაძე განმარტავს, რომ გარდაცვლილ ფეხბურთელს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აქვს. ექსპერტიზის პასუხები კი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. 

შსს შაქარაშვილის საქმეზე:ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

23 ივნ 202014:07

გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე გამოკითხვები მცხეთის პოლიციაში დღეს გაგრძელდება. საგამოძიებო პროცედურები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა, მოწმეთა ნაწილის გამოკითხვა ვერ მოესწრო. ერთ-ერთი მოწმის ადვოკატი მზია ქასრაშვილი აცხადებს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება, ვინაიდან ცხვილი და შუბლი გატეხლი აქვს. დღესვე გამოიკითხებიან ავტომობილის მძღოლი და მისი მგზავრიც, რომლებიც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ფიგურირებენ. 

 

აჭარის მთავრობის ე.წ. ზონდერ ჯგუფები

„ფორმულას“ მიერ გაშიფრულ სავარაუდო მოსყიდვის სქემაში ახალი სკანდალური დეტალები იკვეთება. უკვე მეორე დაკავებული მოჭიდავის ცოლმა უჩვენა „ფორმულას“ ქვითარი, რომლის მიხედვითაც 2000 ლარის ოდენობის სოციალური დახმარება აქვთ ჩარიცხული, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი სოციალურად დაუცველი არ არის.

აჭარის მთავრობის მხრიდან წინასაარჩევნოდ სპორტსმენების მოსყიდვის მცდელობას მესამე სექტორსა და ოპოზიციაში აფასებენ. მხარეებს აინტერესებთ დაინტერესდება თუ არა საგამოძიებო სტრუქტურა ე.წ ზონდერ ჯგუფების შექმნის საკითხით . რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი არ გამორიცხავს, რომ ზონდერ ჯგუფების აქტიურობა არჩევნებზე შესამჩნევი იყოს. მესამე სექტორსა და ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ საქმის გამოძიება აუცილებელია, თუმცა მათ ეჭვი აქვთ, რომ ქართული ოცნების პერიოდში ეს არ მოხდება.

 

 

რურუას სასამართლო პროცესი 

დღეს 11 საათზე საქალაქო სასამართლოში მთავარი არხის ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას პროცესი გაგრძელდება. სხდომაზე დაცვის მხარის მოწმეების სახით ის პოლიციელები დაიკითხებიან, რომლებმაც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან რურუას ნივთები გამოიტანეს. ადვოკატის დიტო საძაგლიშვილის განცხადებით, დაცვის მხარის მხრიდან მოპოვებული კადრები ადასტურებს , რომ სამართალდამცველები რურუას ნივთების გაყალბებას ცდილობენ.

 

იმედი მაქვს შეთანხმების სრულად შესრულების - კუბილიუსი

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით მიღებას გამოეხმაურა ანდრიუს კუბილიუსი. ევროპარლამენტარი იმედს გამოთქვამს, რომ მისი დადებული შეთანხმება სრულად იქნება შესრულებული. 

„მივესალმები საქართველოში პროპორციული არჩევნებისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღებას. 8 მარტის შეთანხმება - მაგალითი აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნისთვის. იმედი მაქვს მისი სრული იმპლემენტაციის: სტრატეგიული კონსენსუსი და პროპორციული წარმომადგენლობა, ოპოზიციის უფლებების პატივისცემა და არა მართლმსაჯულების პოლიტიზება", - ვკითხულობთ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაში. 

 

ნოდარ მელაძე სუს-შია დაბარებული

ნოდარ მელაძე სახელმწიფო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე 11 საათზეა დაბარებული. საქმე გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას ეხება. ნოდარ მელაძის თქმით, გამოძიების ფარგლებში მასთან გაჩენილი კითხვები „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ჟურნალისტურ გამოძიებას ეხება, რომელიც ვასამბეგ ბოკოვს ეხებოდა. 

 

30 მილიონამდე ლარი მიკროავტობუსების შესაძენად

იმ ფონზე, როცა თბილისის მერიის ბიუჯეტი 150 მილიონი ლარით შემცირდა, თბილისის მერია მიკროავტობუსების კომპანიისთვის 300 ავტომობილის შესაძენად 30 მილიონამდე ლარის დახარჯვას აპირებს. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადდა. ოპოზიცია საქმეში კორუფციის ნიშნებს ხედავს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ რომ მიკროავტობუსების შესაძენად თანხები ბიუჯეტიდან არ უნდა იხარჯებოდეს. 

via GIPHY

შეგახსენებთ, თბილისის მერიასა და მიკროავტობუსების კომპანიას შორის მოლაპარაკება ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში შედგა. იმის გამო რომ კო0მპანიას ავტოპარკის განახლების სახსრები არ ჰქონდა მერიამ ბიუჯეტის ფულით დახმარება შესთავაზა, იმ პირობით რომ სამომავლოდ თბილისის მიკროავტობუსების კომპანია ამ თანხას გამოისყიდდა. როგორ აპირებს კომპანია გრძელვადიან პერსპექტივაში ფინანსური პარამეტრების გაუმჯობესებას ეს უცნობია. 

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

914 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 768 გამოჯანმრთელებული და 14 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 258 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 2744 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 9.3 მილიონს აღწევს. მათგან, ვირუსი 5 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 479 ათასს აღემატება. ამ დროისთვის 58 000-მდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

ყველაზე მძიმე ვითარება კვლავ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებშია. ინფიცირებულთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობა ყოველდღიურად კვლავ ბრაზილიაში ვლინდება. . ქვეყანაში დღის განმავლობაში კოვიდინფექციით 1364 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ვირუსი 40 ათასზე მეტ პაციენტს დაუდასტურდა. 

 

ძლიერი მიწისძვრა მექსიკაში

მექსიკაში 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ხუთი ადამიანი. არიან დაშავებულებიც. დაზიანებულია შენობა-ნაგებობები. ზოგიერთი დასახლება გარესამყაროს არის მოწყვეტილი. მიწისქვეშა ბიძგებმა ცუნამიც გამოიწვია. მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის საათებში მოხდა. ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე სოფლები იყო. მიწისქვეშა ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ რამდენიმე ასეული კილომეტრით დაშორებულ დედაქალაქშიც იგრძნობოდა. 


close დახურვა