24 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ სპეცრაზემელებს ახალგაზრდის მკვლელობაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ავრცელებს.
როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ყვებიან, სპეცრაზმელებმა მამაკაცი ჯერ სცემეს, წამების შემდეგ კი გააშიშვლეს და ვარკეთილის სასაფლაოდან რამდენიმე კილომეტრში დატოვეს. მოკლული ოჯახის წევრებმა მეორე დილას იპოვეს.
შემთხვევის დროს გარდაცვლილთან იმყოფებოდა მისი ძმაც. როგორც ის ამბობს, დაზიანებები მასაც მიაყენეს, თუმცა მან გაქცევა მოასწრო. მისივე თქმით, მას და მის ძმას ორი სპეცრაზმელი სცემდა.
როგორც „ფორმულას“ შინაგან სამინისტროში განუცხადეს, ერთი პირი ამ დანაშაულთან დაკავშირებით დაკავებულია. არის თუ არა დაკავებული სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრი - ამის შესახებ შსს-ში არ საუბრობენ. მათივე ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით მიმდინარეობს: 126 -ე პირველი პრიმა მუხლის "გ" ქვეპუნქტით, 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 143-ე მუხლის პირველი ნაწილით. ეს მუხლები ორი ან მეტი პირის ცემას, ადამიანის მოტაცებასა და ჯანმრთელობის განძრახ მძიმე დაზიანებით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.