logo
ENG



24 თებერვალს რუსთაველზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

23 იან 202312:11
3 წუთის საკითხავი
 

დღეს ოპოზიციისაა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა - როგორც მონაწილეებმა აღნიშნეს, 24 თებერვალს უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართება. დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღეს რუსთაველზე კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ საქართველოს ევროპული განვითარების მომავალი აქვს.

"ჩვენ აქ დღეს შევიკრიბეთ განსხვავებული პროფესიის, განსხვავებული ჯგუფის პარტიები, არა პარტიები, სხვადასხვა ადამიანები, რომლებსაც გვაერთიანებს ერთი - ჩვენი ქვეყნის ღირსების, ჩვენი ევროპული პერსპექტივის, ჩვენი დამოუკიდებლობის, თავისუფლების საკითხი. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, დავდგეთ ერთად და ვთქვათ, 24 თებერვალი, მაშინ, როცა რუსეთი, რუსული იმპერია კიდევ ერთხელ თავს დაესხა დამოუკიდებელ ქვეყანას, ეს არის წყალგამყოფი.

24 თებერვალს აქ, რუსთაველზე კიდევ ერთხელ უნდა ვანახოთ, რომ მიუხედავად ჩვენი კამათებისა, შეცდომებისა, განსხვავებებისა კრიტიკულ მომენტში წყალგამყოფი დღის მომენტში ჩვენ ვდგებით და ერთად ვამბობთ: საქართველოს აქვს ევროპული განვითარების მომავალი და საქართველო არ წავა წარსულში", - განაცხადა ელენე ხოშტარია.

ამასთან, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ სოლიდარობის აქციები 24 თებერვალს დაიწყება და მზარდი იქნება. მათი თქმით, "კოლაბორაციონისტებს აიძულებენ, შეწყვიტონ რუსული ინტერესების გატარება საქართველოს ხელისუფლების სახელით". გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ კი აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ სამარცხვინო ფურცელზე ვცხოვრობთ და 24 თებერვალს საქართველოს ისტორიის ამ სამარცხვინო ფურცლის გადაშლა უნდა დაიწყოს.


close დახურვა