24 თებერვლიდან უკრაინაში 13 000-მდე სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ავრცელებს. ამით პოდოლიაკი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს გამოეხმაურა, რომელმაც ერთ-ერთ გამოსვლაში თქვა, რომ უკრაინის არმიის დანაკარგი 100 000 კარისკაცს შეადგენს.
პოდოლიაკის თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტმა შეცდომა დაუშვა და "ეს აშკარაა, რადგან ეს ვიდეო მოგვიანებით წაშალეს და ეს რიცხვები წაშალეს".
"ჩვენ გვაქვს გენერალური შტაბის ოფიციალური შეფასებები, რასაც ამბობს უმაღლესი მთავარსარდალი. დანაკარგი 10-დან 12,5-13 ათასამდე დაღუპულს აღწევს. ანუ ჩვენ ღიად ვსაუბრობთ დაღუპულთა რაოდენობაზე", - თქვა პოდოლიაკმა.
მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში "მეტი დანაკარგია დაზიანებების გამო".
რაც შეეხება მშვიდობიან მოსახლეობას, აქ დანაკარგი ბევრად მეტია, რადგან რუსეთი მოსახლეობას ებრძვის, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამიტომ არის უამრავი მასობრივი საფლავიც.
ამასთან, უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ჯარის დანაკარგი ომის დაწყებიდან დღემდე 90 000-მდე სამხედროს შეადგენს.