logo
ENG



24 წლის პატიმარი ბათუმის ციხის ადმინისტრაციას წამებაში ადანაშაულებს - შაბათის ფორმულა

05 თებ 202220:15
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ერთ-ერთი პატიმარი, 24 წლის გოდერძი ნასიპაშვილი ციხის ადმინისტრაციას წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. 

პატიმრის დედა ნუნუ ბუჩუკური შაბათის ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ ბათუმის საპატრიმროში მყოფი მისი შვილის სიცოცხლე საფრთხეშია. დედის თქმით, ბათუმის ციხის ადმინისტრაცია მის შვილს მუდმივად სცემს, აწამებს, მასზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობს. საქმე იქამდე მივიდა, რომ გოდერძი ნასიპაშვილმა თვითმკვლელობა სცადა. დედა შიშობს, რომ შესაძლოა სუიციდის მცდელობა კვლავ განმეორდეს. 

შაბათის ფორმულას ბათუმის მკაცრი რეჟიმის ციხიდან პატიმარი გოდერძი ნასიპაშვილი დაუკავშირდა. ვრცელ სატელეფონო ინტერვიუში მსაჯვრდებული ჰყვება, რომ მას და სხვა პატიმრებს ყოველდღიურად დამამცირებელ, არაადამიანურ პირობებში უწევთ ცხოვრება. ნასიპაშვილი იმასაც ამბობს, რომ ციხის ადმინისტრაციამ ერთ-ერთ პატიმარზე სექსუალრუად იძალადა. თუმცა, მომხდარი მისი თქმით, ციხის ადმინისტრაციამ დამალა. 

"გვექცევიან არასათანადოდ, ადგილი აქვს პატიმრების წამებას და გაუპატიურებას...კლავენ პატიმრებს, ისინი თვითმკვლელობამდე მიდიან", - ამბობს ნასიპაშვილი. 

ამ ფაქტების შესახებ პატიმრებმა წერილი გაუგზავნეს სახლახო დამცველს, სახელმწიფო ინსპექტორს, პროკურატურას, მაგრამ უშედეგოდ. ამ დრომდე ციხის ადმინისტრაციის კონკრეტული თანამშრომლების პასუხისგმებლობა არ დამდგარა. მსჯავრდებულის თქმით, ციხის პირობები იმდენად გაუსაძლისია, რომ პროტესტის ნიშნად სამი თვის წინ თვითმკვლელობაც სცადა. თუმცა, გადარჩა, სუიციდის მომენტში საკანში ბადრაგმა შეუსწრო. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება არ დაინტერესებულა. 

თანატოლის დაჭრის ბრალდებით დაკავებული გოდერძი ნასიპაშვილი მესამე წელია რაც სასჯელს ბათუმის ციხეში იხდის. შემთხვევა თელავში მოხდა, საქმეს თელავის რაიონულმა სასამართლომ განიხილა და 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მსჯავრდებული ჯერ გლდანში, შემდეგ ქუთაისში, ბოლოს კი - ბათუმის ციხეში მოათავსეს. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის დაუსრულებელი ქრონიკა სწორედ ბათუმის მკაცრ დაწესებულებაში დაიწყო, რომელიც მისი თქმით, დღემდე გრძელდება.

პატიმრის დედა გვიყვება, რომ ციხის ადმინისტრაციის მხრიდან დაუსრულებელი ძალადობის ფონზე, მის შვილს ფსიქიკური პრობლემები შეექმნა. ამის შესახებ პენიტენციური დაწესებულების დასკვნიდან ხდება ცნობილი, რომელიც შაბათის ფორმულამ მოიპოვა. 

პატიმარმა ჩვენთან სატელეფონო ინტერვიუში ციხის ადმინისტარციის ის თანამშრომლები ამხილა, რომლებიც მისი თქმით, პატიმრებზე მუდმივად ძალადობენ. ესენია ციხის დირექტორის მოადგილე მურთაზ ირემაძე, უსაფრთხოების სამსხურის უფროსი - ნოდარ ჟღენტი და მთავარი ინსპოექტორები - ელდარ ირემაძე, გოდერძი მიქელაძე, ბექა შარაძე. ამ პირებს ნასიპაშვილის გარდა კიდევ ხუთი პატიმარი ადებს ხელს.

შაბათის ფორმულას წყარო უყვება, რომ ბათუმის დახურული, მკაცრი რეჟიმის დაწესებულება პატიმრებისთვის ნამდვილი სასჯელია. იმისათვის რომ იქ მოხვედრა აირიდონ, მსჯავრდებულები გარკვეულ თანხას იხდიან.


close დახურვა