არასამთავრობო ორგანიზაციები უზენაესი სასამართლოს პლენუმს მოუწოდებენ საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე თავი შეიკავოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნისგან. სწორედ დღეს არის ჩანიშნული პლენუმის სხდომა, სადაც მოსამართლის არჩევა უნდა მოხდეს.
როგორც EMC-ის იურისტი გურო იმნაძე „ფორმულასთან“ საუბარში აცხადებს, პროცესი ნდობას არ იმსახურებს.
„შერჩევისა და დანიშვნის პროცესიც იყოს იმდენად გამჭირვალეც, რომ ამ კანდიდატების მიამრთაც აისახებოდეს ნდობაც. დღეს რასაც ვხედავთ, ფაქტობრივად, 2018 წლის 10-კაციანი სიის წარდგენის განმეორებაა, როდესაც საბჭომ განხილვის გარეშე პირდაპირ წარუდგინა პარლამენტს დასამტკიცებლად კანდიდატები. ამიტომ, ეს პროცესი არ იმსახურებს ნდობას. ეს პროცესი აჩენს ეჭვებს, რომ პლენუმი წარადგენს ისეთ კანდიდატს, რომელიც კლანთან ან ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული“, - აცხადებს იმნაძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" წარმომადგენელს, გვანცა წულუკიძეს კი მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლო ერთადერთია, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს გარკვეულ ავტორიტეტს.
„როგორც იცით, კლანმა მოახერხა და სამივე სასამართლოში აქვს იმხელა გავლენა, რომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი პირდაპირ იმყოფება კლანის კონტროლის ქვეშ. ერთდერთი საკონსტიტუციო სასაამრთლოა, რომელიც ჯერ კიდევ რჩება ქვეყანაში ავტორიტეტულ სასამართლოდ, ახლა კლანი ცდილობს მაქსიმალურად ცდილობს მასზეც გაავრცელოს გავლენა, რაც ძალიან დამაზიანებელი იქნება თვითონ სასამართლოზე და საზოგადოების მხრივ სასამართლოზე ნდობის თვალსაზრისით“, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
უზენაესმა სასამართლომ საკონსტიტუციო მოსამართლის დასანიშნად პლენუმი კვლავ დანიშნა.
ინფორმაცია უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
შეგახსენებთ, რომ 30 მარტს საყოველთაო კარანტინის მიუხედავად, უზენაესმა სასამართლო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დასანიშნად სხდომა 31 მარტისთვის ჩანიშნა.
თუმცა, შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის შესარჩევად დაგეგმილი პლენუმის სხდომა გადაიდო.